Edison Research-ის კვლევის მიხედვით, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, გამოკითხულთა 26% ქართულ ოცნებას მისცემდა ხმას, ხოლო 44% - ოპოზიციურ პარტიებს, აქედან 18% - ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, 6% - ევროპულ საქართველოს, 4% - ლეიბორისტულ პარტიას, 3% - პატრიოტთა ალიანსს, 2-2% ალეკო ელისაშვილის, მამუკა ხაზარაძის, გიორგი ვაშაძის და ზურაბ ჯაფარიძის პარტიებს, ხოლო 1-1% - ნინო ბურჯანაძის, ირაკლი ოქრუაშვილის, დავით უსუფაშვილის, კახა კუკავას და ეკა ბესელიას პოლიტიკურ ძალებს. ამასთან, კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 30%-ს არ გადაუწყვეტია, ვის მისცემს ხმას.
მხოლოდ გადაწყვეტილი ამომრჩევლის დათვლისას, შედეგები ასე განაწილდა - ქართული ოცნება - 36%, ხოლო დანარჩენი - ოპოზიციური პარტიები - ენმ - 26%, ევროპული საქართველო - 9%, ლეიბორისტული პარტია - 6%, პატრიოტთა ალიანსი - 5%, ალეკო ელისაშვილის, მამუკა ხაზარაძის, გიორგი ვაშაძის და ზურაბ ჯაფარიძის პარტიებს 3-3%, ნინო ბურჯანაძის და ირაკლი ოქრუაშვილის პარტიებს 2-2%, ხოლო დავით უსუფაშვილის, კახა კუკავას და ეკა ბესელიას პოლიტიკურ ძალებს - 1-1%.
კითხვაზე, რამდენად სავარაუდოა, რომ 2020 წლის არჩევნებზე მივა, 67% პასუხობს, რომ "არჩევნებში მონაწილეობას ნამდვილად მივიღებ", 23% - "ალბათ, მივიღებ". 5% - "ალბათ, არ მივიღებ", 5% - "ნამდვილად არ მივიღებ".
Edison Research-ს კვლევა ტელეკომპანია ფორმულამ დაუკვეთა. მაუწყებლის ინფორმაციით, გამოკითხვა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ, ბოლო 10 დღის განმავლობაში ჩატარდა. Edison Research-მა პირისპირ ინტერვიუს გზით მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოკითხა 2000 ადამიანი. ცდომილების ზღვარი 2.5%-ია.





