ევროპული საქართველო

ევროპული საქართველო: ჩვენს ოფისს სუს-ი უთვალთვალებდა, ვითხოვთ საქმის აღძვრას

ტაბულა

ევროპული საქართველოს ინფორმაციით, მათ ოფისს ორი დღის განმავლობაში, 25 და 26 ნოემბერს, სუს-ის თანამშრომლები უთვალთვალებდნენ. მათი თქმით, საპატრულო პოლიციამ საქმე კრიმინალურ პოლიციას გადასცა, თუმცა ამ დრომდე არავინ გამოუკითხავთ. ევროპული საქართველო პარტიის წევრების გამოკითხვასა და საქმის აღძვრას ითხოვს.

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი წევრის, ირმა ნადირაშვილის თქმით, მათი ყურადღება მიიპყრო იმან, რომ ოფისთან მდგარი ორივე მანქანა პარკინგის წესების დარღვევით იდგა, თუმცა მათ საპატრულო პოლიცია შენიშვნას არ აძლევდა. მისივე თქმით, მანქანაში მძღოლები მუდმივად იცვლებოდნენ.  

"ამ მანქანაში მყოფი ადამიანები იღებდნენ ფოტოებს და აწარმოებდნენ სატელეფონო საუბრებს. ვივარაუდეთ, რომ სამსახურს აწვდიდნენ ინფორმაციას, რა ხდებოდა ამ ოფისში. გვქონდა შემთხვევები, როცა ამ ოფისიდან გავიდნენ მანქანები, შემდეგ გააჩერეს და შეამოწმეს, რა იყო საბარგულებში",-ამბობს ნადირაშვილი. 

ნადირაშვილის თქმით, ერთმა ეკიპაჟმა მათ უთხრა, რომ ადგილობრივი მაცხოვრებლები იყვნენ, მეორე მანქანაში მსხდომმა კი უთხრა, რომ ბავშვის სკოლიდან გამოსვლას ელოდებოდა.

"მას შემდეგ, რაც საპატრულო ეკიპაჟი გამოვიძახე, მანქანამ დატოვა ტერირტორია. პატრულის ეკიპაჟს მივაწოდე მანქანის სერია და ნომერი, მივაწოდე ვიდეო, სადაც ჩანდნენ ადამიანები, ვესაუბრეთ ჩვენი ეჭვის თაობაზე, რომ პარტიის ოფისზე თვალთვალი ხდებოდა. ამის შემდეგ, გავაკეთე წერილობითი განცხადება. მითხრეს, რომ საქმეს გადასცემდნენ კრიმინალურ პოლიციას, გუშინვე კრიმინალურ პოლიციას უნდა დაერეკა ჩემთან და მათ უნდა დაეწყოთ საქმის გამოძიება",-ამბობს ნადირაშვილი.

ნადირაშვილის თქმით, ვიდეო კადრების არსებობის მიუხედავად, ამ დრომდე მასთან კრიმინალურ პოლიციას არ დაურეკავს და მათი განცხადებით არ დაინტერესებულან. 

"სუსიც და კრიმინალური პოლიციაც ბიძინა ივანიშვილის ხელში არის პოლიტიკური იარაღი, მათ არ ევალებათ თავისი ძირითადი საქმიანობის გავრცელება, ეს არის მოქალაქეების უსაფრთხოება, მათი მოქალაქეების. ისინი მთლიანად მობილიზებული არიან და მეთვალყურეობენ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ოპონენტებს",-ამბობს ნადირაშვილი.

კომენტარები