ქართველ მუსლიმთა კავშირი

ქართველ მუსლიმთა კავშირი: ხელისუფლებამ შექმნა კრიზისი და ვალდებულია მოუსმინოს მოსახლეობას

ტაბულა

ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ პროპორციული წესით ჩატარებული არჩევნები საქართველოს დემოკრატიული განვითარებისათვის საუკეთესო შანსია და იმედოვნებენ, რომ ხელისუფლება საქართველოს მოსახლეობას მოუსმენს და გონივრულ ნაბიჯებს გადადგამს:

"რამდენიმე დღეა თვალს ვადევნებთ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. როგორც რელიგიური ორგანიზაცია ვცდილობთ თავი შევიკავოთ ღიად ჩვენი დამოკიდებულების დაფიქსირებისაგან. თუმცა ვფიქრობთ ეს ის მომენტია, როცა არავის არ აქვს უფლება ჩუმად დარჩეს. ამ ხნის განმავლობაში იმედს ვიტოვებდით, რომ საქართველოს ხელისუფლებას ექნებოდა რაციონალური და ცივილური პასუხი საქართველოს მოსახლეობისადმი, რომლებიც სამართლიანად აპროტესტებენ პარლამენტის წინ, პარლამენტის წევრების იმ უპასუხიმგებლო გადაწყვეტილებას, რომლითაც ჩააგდეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციულად ჩატარების შესაძლებლობა. ვფიქრობთ პროპორციული წესით ჩატარებული არჩევნები იქნებოდა საუკეთესო შანსი საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის. არსებული მდგომარეობიდან გამომდინარეც, მხოლოდ პროპორციული წესით არჩევნების ჩატარება იქნება არსებული პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის საუკეთესო შესაძლებლობა. სხვა შემთხვევაში, როგორც ვხედავთ საქართველოს ხელისუფლება უკვე გადავიდა ყველა რაციონალურ და ეთიკურ ზღვარს. მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევა, სამწუხაროდ მათი ფიზიკური დასახიჩრება და ბოლოს 26 ნოემბრის გამთენიისას მშვიდობიანი მომიტინგეების დაშლა წყლის ჭავლითა და სხვადასახვა საშუალებებით, კიდევ უფრო მეტს გვეუბნება ხელისუფლების არაადეკვატურ მოქმედებებზე.

ხელისუფლებამ შექმნა პოლიტიკური კრიზისი და ის ვალდებულია მოუსმინოს საქართველოს მოსახლეობას, გაიაზროს ქართველი ხალხის პროტესტის შინაარსი, გონივრული და რაციონალური ნაბიჯები გადადგას არსებული სიტუაციიდან გამოსვლისთვის.

იმედს ვიტოვებთ ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება“ უკეთ გაიაზრებს სახელმწიფოებრივ პასუხიმგებლობას და მოუსმენს ხელისუფლების ლეგიტიმურ წყაროს საქართველოს მოსახლეობას.

ღმერთმა გააერთიანოს და გააბრწყინოს ჩვენი სამშობლო საქართველო." ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხელისუფლებამ პარლამენტთან მშვიდობიანი საპროტესტო აქციის სპეციალური დანიშნულების რაზმის გამოყენებით დაშლა დილის 05:00 საათზე დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ აქციის მონაწილეებს კანონი არ დაურღვევიათ და მათ გზის სავალი ნაწილიდან ტროტუარებზე გადაინაცვლეს, სპეცრაზმელებმა მოქალაქეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი მაინც გამოიყენეს.

აქციის მონაწილეები პარლამენტის შესასვლელების პიკეტირებას გეგმავდნენ, რათა დეპუტატები პლენარულ სხდომაზე არ შეეშვათ. ახლა ყველა შესასვლელი სპეცრაზმს აქვს დაკავებული.

დემონსტრანტები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დრომდე რჩებიან. მათი მოთხოვნა უცვლელია - ბიძინა ივანიშვილმა შეასრულოს 24 ივნისს გაცემული დაპირება და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდეს. ისინი ხელისუფლებას გერმანულ მოდელს სთავაზობენ.

კომენტარები