26 ნოემბრის აქციის დაშლა

მამუკა მდინარაძე: პოლიცია ვალდებულია მოახდინოს დანაშაულის პრევენცია

parliament.ge

ქართული ოცნების დეპუტატი, მამუკა მდინარაძე, გუშინ პარლამენტთან მშვიდობიანი აქციის სპეცრაზმისა და წყლის ჭავლის საშუალებით დაშლას გამოეხმაურა.

ჟურნალისტების ერთ-ერთი მთავარი კითხვა მასთან იყო, რატომ არ ატანინებდნენ გუშინ პოლიციელები დემონსტრანტებს პარლამენტის ტერიტორიაზე შეშას, რაზეც პასუხად მამუკა მდინარაძემ წინა აქციის მაგალითი მოიყვანა.

"ჩვენ ვნახეთ წინა შემთხვევაში სხვადასხვა საგნები - ქვიშის ტომრები, კასრები, ხის ნაჭრები და ა.შ. - რისთვის გამოიყენეს დემონსტრანტებმა, იყო მცდელობა პარლამენტის ბლოკირების, რაც შემიძლია გითხრათ რომ არის სისხლის სამართლის დანაშაული და პოლიცია ახდენს დანაშაულის პრევენციას. ქართული ოცნების ხელისუფლება არ ცდილობს, რომ ვიღაცამ დანაშაული ბოლომდე მიიყვანოს და შემდეგ ამაზე რეაგირება მოახდინოს, ამ ფორმებით რეაგირება არ არის ჩვენი სტილი და ყველამ კარგად იცის, მაგრამ მეორე მხრივ პოლიცია ვალდებულია მოახდინოს დანაშაულის პრევენცია.

წინა შემთხვევაში ჩვენ გვქონდა ფაქტები, როდესაც სხვადასხვა საგნების გამოყენებით ნაცმოძრაობის ხვადასხვა შტოს წარმომადგენლები ცდილობდნენ მოეხდინათ ბლოკირება პარლამენტის შენობის, რაც არის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, მაგრამ ჩვენ არ ვართ იმისკენ მოწოდებულები რომ აუცილებლად ვინმემ ჩაიდინოს ეს და მერე ვსდიოთ ადამიანებს დასაჭერად, არამედ მოხდეს ამის პრევენცია და პრევენცია ხდება ამ შემთხვევაშიც, რადგან ეს არის ძალიან სერიოზული კანონდარღვევა, რადგან პრევენციის ვალდებულება გააჩნიათ სამართალდდამცავ ორგანოებს, ისინი მოქმედებენ ამ ვალდებულების ფარგლებში", - თქვა მან.

ხელისუფლებამ პარლამენტთან მშვიდობიანი საპროტესტო აქციის სპეციალური დანიშნულების რაზმის გამოყენებით დაშლა დილის 05:00 საათზე დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ აქციის მონაწილეებს კანონი არ დაურღვევიათ და მათ გზის სავალი ნაწილიდან ტროტუარებზე გადაინაცვლეს, სპეცრაზმელებმა მოქალაქეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი მაინც გამოიყენეს.

დემონსტრანტები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დრომდე რჩებიან.

კომენტარები