26 ნოემბრის აქციის დაშლა

დენიელ ბალსონი: ვაშინგტონში აღნიშნავენ, როგორ ეპყრობიან უშიშროების ძალები მომიტინგეებს

Amnesty International
Amnesty International

აშშ-ში Amnesty International-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის მიმართულების დირექტორი დენიელ ბალსონი ტვიტერზე წერს, რომ აშშ ახლოდან აკვირდება საქართველოში მიმდინარე პროცესებს და საქართველოს ხელისუფლებამ ეს უნდა იცოდეს:

"საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა, გიორგი გახარიამ, საქართველოს საელჩოებმა და ა.შ. უნდა იცოდნენ, რომ აშშ-ის მთავრობა ახლოდან აკვირდება თბილისში მიმდინარე მოვლენებს. მაგალითი შეგიძლიათ აქვე იხილოთ. ვაშინგტონში აღნიშნავენ, როგორ ეპყრობიან უშიშროების ძალები მომიტინგეებს."

მან მაგალითად ამერიკელი კონგრესმენის, ადამ კინზინგერის განცხადება მოიყვანა რომელშიც მან იმედგაცრუება გამოთქვა პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩავარდნაზე და დაწერა, რომ ქართველი ხალხი მეტს იმსახურებს და რეფორმების ჩავარდნა რეფორმების მხრივ პროგრესს გაანადგურებს.

შეგახსენებთ, რომ დღეს ხელისუფლებამ პარლამენტთან მშვიდობიანი საპროტესტო აქციის სპეციალური დანიშნულების რაზმის გამოყენებით დაშლა დილის 05:00 საათზე დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ აქციის მონაწილეებს კანონი არ დაურღვევიათ და მათ გზის სავალი ნაწილიდან ტროტუარებზე გადაინაცვლეს, სპეცრაზმელებმა მოქალაქეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი მაინც გამოიყენეს.

აქციის მონაწილეები პარლამენტის შესასვლელების პიკეტირებას გეგმავდნენ, რათა დეპუტატები პლენარულ სხდომაზე არ შეეშვათ. ახლა ყველა შესასვლელი სპეცრაზმს აქვს დაკავებული.

ოფიციალური ინფორმაცით, პარლამენტთან მიმდინარე აქციის დაშლის დროს სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორისაა მთავარი არხის ჟურნალისტი. აქციაზე დააკავეს 28 ადამიანი.

დემონსტრანტები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დრომდე რჩებიან. მათი მოთხოვნა უცვლელია - ბიძინა ივანიშვილმა შეასრულოს 24 ივნისს გაცემული დაპირება და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდეს. ისინი ხელისუფლებას გერმანულ მოდელს სთავაზობენ.

კომენტარები