პარლამენტის პიკეტირება

ვოლსკი სპეცრაზმის გამოყენებაზე: პიკეტირების ფორმაზე იქნება დამოკიდებული

ქართული ოცნების წევრი, გია ვოლსკი ამბობს, რომ ვითარებაზე იქნება დამოკიდებული, გამოიყენებს თუ არა ხელისუფლება სპეცრაზმს პიკეტირების დასაშლელად.

"პიკეტირების ფორმას გააჩნია. თუ სახელმწიფო დაწესებულების საქმიანობის საშუალებას არ აძლევენ, რასაკვირველია, სახელმწიფო სტრუქტურამ უნდა იმოქმედოს. ხომ არ გაჩერდება.

ესენი კი ამბობენ, რომ მთავრობა უნდა გადადგეს, ახალი მთავრობის შემადგენლობაზეც ლაპარაკობენ, მე ვფიქრობ, რომ ეს საკმაოდ ართულებს მათ მდგომარეობას", - თქვა ვოლსკიმ.

დემონსტრანტები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პარლამენტის პიკეტირებას დღეს ღამე გეგმავენ. ისინი საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელებს დაბლოკავენ, რათა ხვალ, 26 ნოემბერს დეპუტატებს მუშაობის საშუალება არ მისცენ.

მათ პიკეტირება 17 ნოემბერსა მოაწყვეს. მომდევნო დღეს, 18 ნოემბერს ხელისუფლებამ საპროტესტო აქცია სპეცრაზმის გამოყენებით დაშალა.

დემონსტრანტები ითხოვენ, ქართულმა ოცნებამ პირობა შეასრულოს და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით ჩაატაროს. შესაბამისი კანონპროექტი სწორედ მმართველი გუნდის დეპუტატებმა ჩააგდეს 14 ნოემბერს. ამით ქართულმა ოცნებამ 24 ივნისს გაცემული დაპირება არ შეასრულა, რომელიც 20-21 ივნისს, ანტირუსული დემონსტრაციის ძალადობრივი გზით დაშლის შემდეგ გასცა.

კომენტარები