პროპორციული სისტემა

10:00-ზე "ოცნების" ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართება

ქართული ოცნება

დღეს ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება. ამის შემდეგ, სავარაუდოდ, ოფიციალურად გახდება ცნობილი, რაზე შეთანხმდნენ ბიძინა ივანიშვილი და მაჟორიტარი დეპუტატები. სხდომა 10:00 საათზე დაიწყება. 

შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი გუშინ იმ მაჟორიტარ დეპუტატებს შეხვდა, რომლებმაც პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტი ჩააგდეს. დიმიტრი ხუნდაძე, მერაბ ქვარაია და ირაკლი შიოლაშვილი შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ ამბობდნენ, რომ "პრინციპულ საკითხებზე შეთანხმება შედგა“, თუმცა "ჯენტლმენურად" შეთანხდნენ, რომ კომენტარს არ გააკეთებდნენ. მათი თქმით, საკითხი კიდევ ერთხელ უნდა განიხილონ უმრავლესობის სხდომაზე, რის შემდეგაც, ერთიან პოზიციას იტყვიან. 

მას შემდეგ, რაც უმრავლესობამ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტი ჩააგდო, ქვეყანაში ხალხმრავალი აქციები დაიწყო. ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება ვადამდელ არჩევნებს ითხოვს, ე.წ გერმანული მოდელით.

პარალელურად, "ამბოხებული მაჟორიტარები" სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის შესძლებლებლობაზე ალაპარაკდნენ და ამისთვის 200 000 ხელმოწერის შეგროვება დააანონსეს. ამასთან, უმრავლესობის დეპუტატმა აკაკი ზოიძემ ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს მიმართა, პროპორციულ სისტემაზე 2020 წელსვე გადასასვლელად მოსახლეობაში პლებისციტი ჩაატაროს. TV პირველის ინფორმაციით, სწორედ ამ ორ თემაზე იმსჯელეს გუშინ მაჟორიტარებმა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები