18 ნოემბერს პარლამენტთან გამართული აქციის მონაწილე ამბობს, რომ დაკავების შედეგად სახის ძვლების მოტეხილობა აქვს. დაშავებული გირჩის მმართველი საბჭოს წევრი, იმედა კლდიაშვილია. კლდიაშვილი აქციის დაშლისას დააკავეს, ის სასამართლო პროცესს ელოდება.
სამედიცინო დასკვნის ასლი ზურაბ ჯაფარიძემ გაასაჯაროვა. როგორც დასკვნაში წერია, კლდიაშვილს მარჯვენა ზედა ყბის ძვლის მოტეხილობა აქვს.
ფოტო: Zurab Girchi Japaridze/Facebook
"დარტყმის შემდეგ გავითიშე. რომ გამომიყვანეს, კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები უკვე მაკავებდნენ. ამის ამსახველი კადრები გადაღებულია. დაცემის ან დარტყმის დროს მივიღე ტრავმა. შეიძლება შემდეგ კიდევ დამარტყეს", - ამბობს კლდიაშვილი.
ის აღნიშნავს, რომ ქუთუთოს ძვალი ორ ადგილას აქვს ჩატეხილი.
შეგახსენებთ, 18 ნოემბერს აქციის დაშლისას ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის 37 პირი დააკავეს. რაც შეეხება დაშვებულებს, შსს-ის ცნობით, დაშავდა 4 აქტივისტი და 2 სამართალდამცველი.
პარლამენტთან აქცია სპეცრაზმმა მას შემდეგ დაშალა, რაც სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციამ პარლამენტის პიკეტი მოახდინეს და ქართული ოცნების დეპუტატები შენობაში არ შეუშვეს.
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები ქართული ოცნების მიერ პირობის არშესრულების შემდეგ განახლდა - მმართველმა პარტიამ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტი ჩააგდო. აქციის მონაწილეები ითხოვენ ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ე.წ გერმანული მოდელით.