ერაყი

ერაყში სპეცრაზმმა კიდევ 4 მომიტინგე მოკლა, დაშავებულია 61

AP

ერაყის დედაქალაქ ბაღდადში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე უსაფრთხოების ძალებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა. ერაყის უსაფრთხოების ძალებმა ოთხი მომიტინგე მოკლეს.

დაშავებულია სულ მცირე 61 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაცია პოლიციის წყაროებმა გაავრცელეს.

სპეცრაზმმა ბაღდადის ცენტრალურ აჰრარის ხიდთან მომიტინგეებს ცეცხლი გაუხსნეს და ცრემლსადენი გაზის ქილები ესროლეს.

ბარიკადებს მიღმა მყოფმა მომიტინგეებმა სამართალდამცავებს ქვები დაუშინეს და მათკენ ნასროლი რამდენიმე ცრემლსადენი გაზის ცხელი ქილა უკან ისროლეს.

ოთხი დაღუპულიდან ორი ტყვიისგან მიყენებული ჭრილობით მალევე გარდაიცვალა, დანარჩენ ორს კი ცრემლსადენი გაზის ქილა თავში ესროლეს. 

ერაყში საპროტესტო აქციები პირველ ოქტომბერს დაიწყო. დაღუპულთა რიცხვმა უკვე 330-ს გადააჭარბა. სპეცრაზმმა რამდენიმე მომიტინგე ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.

საპროტესტო გამოსვლები ერაყში სპონტანურად, პოლიტიკური ჯგუფების მხარდაჭერის გარეშე 1-ელ ოქტომბერს დაიწყო. პროტესტი ცხოვრების პირობების გაუარესებას, უმუშევრობას, კორუფციას და საჯარო სერვისების გაუმართაობას მოჰყვა. საპროტესტო აქციის მონაწილეთა დიდი ნაწილი ახალგაზრდა და დაუსაქმებელი მოქალაქეები არაინ. ისინი სამართალდამცავების გადამეტებული ძალის გამოყენებასაც აპროტესტებენ.

პრემიერმინისტრმა აბდელ აბდულ მაჰდიმ სატელევიზიო მიმართვაში თქვა, რომ მოსახლეობის იმედგაცრუება ესმის, თუმცა ერაყის პრობლემებისთვის მაგიური გამოსავალი არ არსებობს. მან რეფორმების გატარების პირობა დადო, თუმცა მომიტინგეთა დიდი ნაწილი მის სიტყვას არ ენდობა. 

ეს პირველი მსგავსი გამოცდაა პრემიერმინისტრ მაჰდისათვის, რომელიც შიიტურმა პარტიებმა გასულ წელს დანიშნეს.

ირანელი სასულიერო პირები არეულობაში აშშ-სა და ისრაელს ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ ამით მათ შიიტების პილიგრიმობისათვის ხელის შეშლა სურთ.

ბაღდადში აშშ-ის საელჩომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ერაყის მთავრობას მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გამოყენების შეწყვეტის, საარჩევნო რეფორმის გატარების და ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების დანიშვნისაკენ მოუწოდებენ.

კომენტარები