ქართული ოცნება

პარლამენტში ქაცარავას ადგილმონაცვლე სიით შესვლაზე უარს ამბობს და მაჟორიტარად იყრის კენჭს

ბენო ქაშაკაშვილმა, რომელიც ქართული ოცნების სიაში სოფო ქაცარავას ადგილმონაცვლე იყო, ტვ პირველში სტუმრობისას განაცხადა, რომ უარს იტყვის, სიით შევიდეს პარლამენტში და აპირებს, მაჟორიტარად იყაროს კენჭი.

მან ისიც თქვა, რომ თუ ოცნებაში მისი გადაწყვეტილება წინააღმდეგობას გამოიწვევს, დამოუკიდებელ მაჟორიტარად "შევა":

"თუ ოცნება აღიქვამს პროტესტად, დამოუკიდებელ მაჟორიტარად შევდივარ," - განაცხადა ქაშაკაშვილმა.

სოფო ქაცარავამ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა, ხოლო დღეს, 16 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ პარლამენტიდანაც მიდიოდა.

ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული ოცნება პარლამენტში ახალ დეპუტატს შეიყვანს და საპარლამენტო უმრავლესობა დანაკლისს ერთი წევრით შეივსებს. პროპორციული სიის მიხედვით, სოფო ქაცარავა ბენედიქტე (ბენო) ქაშაკაშვილს უნდა ჩაენაცვლებინა, რომელიც ქართული ოცნების 2016 წლის საარჩევნო სიის 53-ე ნომერია.

ბენედიქტე ქაშაკაშვილმა 2019 წლის ივლისში ქართულ ოცნებას 60 000 ლარი შესწირა, 2016 წლის სექტემბერში კი - 50 000 ლარი.

2019 წლის მარტში ბენედიქტე ქაშაკაშვილმა TV კავკასიის ეთერში მცოცავ ოკუპაციაზე საუბრისას თქვა, რომ "იმდენივე რანაირად წაგვართვეს, [ოკუპანტებმა] გადმოწიეს ჰა-ჰა 500 მეტრი".

იმ შემთხვევაში, თუ ბენედიქტე ქაშაკაშვილი დეპუტატის მანდატზე უარს იტყვის, ქართული ოცნების სიაში მას მოსდევს ირაკლი გოგოხია, სიის 55-ე ნომერი კი, ჯუმბერ იზორიაა.

მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტი ჩააგდო, საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა 12-მა დეპუტატმა. შედეგად, ქართულ ოცნებას პარლამენტში 92 მანდატი დარჩა, თუმცა, სოფო ქაცარავას წასვლის შემდეგ, მმართველი გუნდის დეპუტატების რაოდენობა 93 გახდება.

კომენტარები