მოძრაობა

სუს-თან გამართულ აქციაზე დაკავებული 6 აქტივისტი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

Interpressnews

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან გამართულ აქციაზე დაკავებული 6 აქტივისტი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. ინფორმაცია ტაბულას შსს-ში დაუდასტურეს.

აქტივისტები მოძრაობა "გაბედეს" წევრები არიან. მათგან ერთ-ერთი ლეიბორისტული პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის შვილი, ბექა ნათელაშვილია. როგორც ნათელაშვილი წერს, მათი დაკავება ზებრა გადასასვლელზე ინტენსიურ მოძრაობას მოჰყვა. 

"ბუნებრივია, ზებრაზე სიარულის გამო ვერ დაგვაკავებდნენ და მოიფიქრეს, რომ თითქოს თითოეული ჩვენგანი ვილანძღებოდით, უშვერი სიტყვებით ვიგინებოდით და ბოროტად არ ვემორჩილებოდით პოლიციის კანონიერ მოთხოვნას",-წერს ნათელაშვილი. 

მოძრაობა "გაბედეს" აქტივისტებმა დღეს, 22 ნოემბერს, სუს-ის შენობის პიკეტირება სცადეს. შსს-ს ცნობით, 5 პირი მას შემდეგ დააკავეს, რაც აქტივისტებმა გზის გადაკეტვა სცადეს, ხოლო 1 პირი პოლიციამ შედარებით ადრე დააკავა.

... 

22 ნოემბერს, "გაბედეს" აქტივისტებმა ქართული ოცნების დეპუტატს, მერაბ ქვარაიას, რომელმაც სრულად პროპორციულ რეჟიმზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, პრესკონფერენციის ჩატარების საშუალება არ მისცეს.  

ასევე აქტივისტებმა ბოქლომი დაადეს "ოცნების" მაჟორიტარის, მიხეილ ყაველაშვილის ოფისს.

ბოქლომის დადება სცადეს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის სამაჟორიტარო ბიუროს ოფისის კარებზე, თუმცა, პოლიციამ მათ ამის შესაძლებლობა არ მისცა.

საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული მამუკა მდინარაძის ბიუროსთანაც, სადაც აქტივისტებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ბოქლომი დაადეს აჭარის უმაღლესი საბჭოს ჭიშკარს.

21 ნოემბერს სამოქალაქო აქტივისტებმა ბოქლომი კანცელარიის შენობასაც დაადეს.

18 ნოემბერს ოპოზიციის წევრებსა და აქციის მონაწილეებს პიკეტირებული ჰქონდათ პარლამენტის შენობაც და ამბობდნენ რომ დეპუტატებს არ მისცემდნენ შენობაში შესვლის საშუალებას და დისკომფორტს შეუქმნიდნენ, რის შემდეგაც სპეცდანიშნულების რაზმმა ისინი დაშალა.

რუსთაველზე ფართომასშტაბიანი აქცია 25 ნოემბერს არის დაგეგმილი. აქციის მონაწილეები ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ, პროპორციული წესით.

კომენტარები