პროპორციული არჩევნები

აქციების დაშლის დროს დაკავებული 6 პირის პროცესი 4-საათიანი დაგვიანებით განახლდა

ტაბულა

თბილისის საქალაქო სასამართლოში 18 ნოემბრის საპროტესტო აქციების დაშლის დროს დაკავებული 6 პირის სასამართლო პროცესი 4-საათიანი დაგვიანებით განახლდა. ვალერიან ფილიშვილმა სხდომა მას შემდეგ განაახლა, რაც 18 ნოემბრის აქციის დაშლის დროს დაკავებული კიდევ 8 აქტივისტის პროცესი ორი საათით გადადო. მათ გარდა, მოსამართლეს კიდევ 6 აქტივისტის საქმის განხილვა აქვს გადადებული. ხოლო დანარჩენი 17 პირის სასამართლო სხდომა ჯერ არც დაუწყია.

ამ წუთებში მოსამართლე გიგა მაქარაშვილის, ირაკლი კაჭარავას, დიმიტრი ბიძინაშვილის, ირაკლი ნადირაძის, დავით მჟავანაძისა და პაატა სოსონაშვილის საქმეს განიხილავს.

სიტყვის წარმოთქმისას, დარბაზში გიგა მაქარაშვილმა საქართველოს ჰიმნი იმღერა - მას დარბაზში მყოფებიც აყვნენ.

ვალერიან ფილიშვილი 18 ნოემბრის აქციის დაშლისას დაკავებული ყველა, 37 პირის საქმეს განიხილავს. დღის მანძილზე დაცვის მხარემ არაერთხელ უშედეგოდ მოითხოვა მოსამართლის აცილება, რადგან მათი აზრით, ვალერიანე ფილიშვილი პროცესის გაჭიანურებას ცდილობს. 

18 ნოემბრის აქციის დაშლის დროს შსს-მ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის 37 ადამიანი დააკავა. მათ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას (სსკ-ის 173-ე მუხლი) და ხულიგნობას (166-ე მუხლი) ედავებიან.

პარლამენტთან აქცია სპეცრაზმმა იმის გამო დაშალა, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ და ოპოზიციამ ქართული ოცნების დეპუტატები პარლამენტში არ შეუშვა. რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ქართულმა ოცნებამ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტი ჩააგდო. აქციის მონაწილეები ითხოვენ ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ე.წ გერმანული მოდელით.

კომენტარები