IRI-ის კვლევა

IRI: 96% ბოლო 6 თვეში არცერთ საჯარო შეხვედრასა თუ საპროტესტო აქციას არ დასწრებია

ტაბულა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ახალი კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 96% ამბობს, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში არცერთ საჯარო შეხვედრას და პოლიტიკურ, თუ სოციალურ საპროტესტო აქციას არ დასწრებია. 

შეკითხვაზე, ბოლო 6 თვის განმავლობაში მონაწილეობა მიგიღიათ, თუ არა ქვემოთ ჩამოთვლილ აქტივობებში, პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:

"დაესწარით საჯარო შეხვედრას" - 3% - კი, 96% - არა, 1% - არ ვიცი/უარი პასუხზე;

"დაესწარით სოციალურ ან პოლიტიკურ საპროტესტო აქციას" - 3% - კი, 96% - არა, 1% - არ ვიცი/უარი პასუხზე;

"ყოფილხართ მოხალისე ფულადი ანაზღაურების გარეშე" - 2% - კი, 97% - არა, 1% - არ ვიცი/უარი პასუხზე;

"მოაწერეთ ხელი პეტიციას ან მოთხოვნას, მათ შორის ონლაინ" - 2% - კი, 98% - არა. 

"შესწირეთ თანხა პოლიტიკურ პარტიას, არასამთავრობო ორგანიზაციას ან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას" - 1%-ზე ნაკლები - კი, 99% - არა. 

ამასთან, შეკითხვაზე, ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად შეკრების დროს, რამდენად ხშირად განიხილავთ პოლიტიკას ან მიმდინარე საკითხებს, 44% ამბობს, რომ იშვიათად, 33%-ის თქმით, კი არასდროს. კვლევის მიხედვით, მოსახლეობის მხოლოდ 6% ამბობს, რომ პოლიტიკისა და მიმდინარე საკითხებს ოჯახის წევრებისა, თუ მეგობრების თითქმის ყველა ან ყველა შეკრების დროს განიხილავს, ხოლო 16% ამბობს, რომ ხშირად განიხილავს. 

1%-მა არ იცის, ან არ აქვს პასუხი ამ შეკითხვაზე. 

ამასთან, მოსახლეობის 22% თვლის, რომ მას თავის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე გავლენის მოხდენა არ შეუძლია, 20% მიიჩნევს, რომ გავლენის მოხდენა ნაწილობრივ არ შეუძლია, 16% დარწმუნებულია, რომ მას გავლენის მოხდენა შეუძლია, ხოლო 35%-ს სჯერა, რომ მას მხოლოდ ნაწილობრივ შეუძლია გავლენის მოხდენა. 

კვლევა, რომელიც საქართველოს მასშტაბით 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრამდე პერიოდში ჩატარდა, IRI-იმ 19 ნოემბერს გამოაქვეყნა.

კვლევის ფარგლებში 1500 სრულწლოვანი რესპონდენტი პირისპირი ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხა. საველე სამუშაოები 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრამდე პერიოდში ჩატარდა. ცდომილების სავარაუდო ზღვარი +- 2.5%-ია.

კომენტარები