საუდის არაბეთი

ჰუსიტმა ამბოხებულებმა საუდის არაბეთის საზღვაო ხომალდი დააკავეს

CNN

ირანის მიერ მხარდაჭერილმა იემენელმა ჰუსიტმა ამბოხებულებმა საუდის არაბეთის საზღვაო ხომალდი დააკავეს.

ინფორმაციას საუდის არაბეთის სახელმწიფო მედია ავრცელებს. ბუქსირი წითელ ზღვაში სამხრეთ კორეული ნავთობის საბურღი მოწყობილობისაკენ მიემართებოდა, როდესაც მას თავს ორი ნავში მყოფი შეიარაღებული პირები დაესხნენ.

უცნობია რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ბუქსირის ბორტზე. დაკავებულებს შორის არის სამხრეთ კორეის ორი მოქალაქე.

ეს უკვე მესამე ხომალდია, რომელიც წითელ ზღვაში ჰუსიტმა ამბოხებულებმა დააკავეს და სალიფის პორტში გადაიყვანეს. სხვა ორი ხომალდის შესახებ ინფორმაცია უცნობია.

შეგახსენებთ, რომ იემენში არეულობა 2011 წელს არაბული გაზაფხულის მოვლენების დროს მთავრობის გადადგომის შემდეგ დაიწყო. საუდის არაბეთის კოალიცია კონფლიქტში 2015 წელს ჰუსიტი ამბოხებულების წინააღმდეგ ჩაერთო, რადგან მიაჩნიათ, რომ მათ ირანი საუდის არაბეთის წინააღმდეგ იყენებს. გასულ თვეებში რიადის მახლობლად იემენიდან გასროლილი რამდენიმე რაკეტა ჩამოაგდეს, რომლებიც სავარაუდოდ ირანული წარმოშობისაა. 2015 წლის შემდეგ იემენში კონფლიქტმა 10,000-მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მწვავე ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვია.

ჰუსიტმა ამბოხებულებმა პასუხისმგებლობა აიღეს სექტემბერში საუდის არაბეთში ნავთობის გადამამუშავებელ ობიექტზე განხორციელებულ თავდასხმაზე, თუმცა საუდის არაბეთი და აშშ მომხდარში ირანს ადანაშაულებენ.

კომენტარები