პროპორციულ სისტემაზე გადასვლა

კახა ოქრიაშვილი: ფსევდოპოლიტიკოსების სურვილია დააზიანონ ჩემი ბიზნესი

კახა ოქრიაშვილი
ტაბულა

წალკისა და დმანისის მაჟორიტარი დეპუტატი, კახა ოქრიაშვილი მის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. 

მიმართვაში ოქრიაშვილი ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე საუბრობს, მათ ფსევდოპოლიტიკოსებს უწოდებს და ამბობს, რომ ისინი დაკვეთას ასრულებენ. "სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ - ეს ფსევდოპოლიტიკოსები არიან მართულნი კონკრეტული გასამრჯელოს სანაცვლოდ და როგორც წესი, პოლიტიკაში ეს ხდება მაშინ, როდესაც ადამიანები ასრულებენ დაკვეთებს, კონკრეტული დივიდენდების მისაღებად. მათი სურვილია, დააზიანონ ჩემი ბიზნესი და ამით მაიძულონ, უარი ვთქვა ჩემს პოლიტიკურ შეხედულებებზე", — წერია განცხადებაში. 

ოქრიაშვილის თქმით, ამ ადამიანების მიზანია მის ბიზნესზე ზეწოლის მეშვეობით უარი ათქმევინონ მის პოლიტიკურ შეხედულებებზე. ოქრიაშვილის თქმით, მისი პოლიტიკური ხედვა საქართველოს საუკეთესო ინტერესებზეა დაფუძნებული.

"ჩემი ხედვები დაფუძნებულია ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებზე და არ ვაპირებ, ჩემი პოლიტიკური შეხედულებებით ვაჭრობას, საკუთარი ბიზნესინტერესების სასარგებლოდ", — წერია განცხადებაში. 

ოქრიაშვილი ამბობს, რომ იგი 2006 წლიდან უჭერს მხარს მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემას და ამის შესახებ საზოგადოებისთვის ცნობილია. კახა ოქრიაშვილი სააფთიაქო ქსელი PSP-ის მფლობელია. 

ოქრიაშვილი იყო სამიდან ერთ-ერთი დეპუტატი, რომელიც 2020 წლიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის წინააღმდეგ მისცა ხმა.

კომენტარები