რუხაძე: წავიქეცი, თავი დავარტყი, წაქცეულს პოლიციელმა რამდენჯერმე დამარტყა მუცელში მუშტი

Facebook/ Nodar Rukhadze

ქართული ოცნების ოფისთან გამართული აქციის ერთერთი მონაწილე ნოდარ რუხაძე ყვება, რომ პოლიციელმა მას კეფაში მოკიდა ხელი და ჭყლეტვაში შეითრია, რის შედეგადაც ის წაიქცა და მიწას თავი დაარტყა. 

"ერთერთი მილიციელი ჩემთან ერთად წაიქცა. სანამ მომწყვდეული ხალხის ნაკადმა გადაგვიარა და ფეხზე წამოდგომა მოვახერხე, დაგდებულს მან რამდენჯერმე დამარტყა მუცელში მუშტი,"- ყვება რუხაძე Facebook-პოსტში. 

აქტივისტის თქმით, იყო შემთხვევაც, როდესაც პოლიციელების კორდონში კიდევ ერთხელ მოხვედრისას, ერთერთი პოლიციელი მას სთხოვდა, თავი არ დაეჭერინებინა. 

"ამ ბიჭებისა და გოგოების ბრალი არ არის, რომ ასეთ სისტემაში უწევთ მსახურება. არც ის, რომ ბოლო 7 წლის განმავლობაში უწყება გაივსო მილიციელებით," - წერს რუხაძე. 

ქართული ოცნების ოფისთან მომიტინგეებმა აქცია უმრავლესობის სხდომის პარალელურად გამართეს. ისინი შენობაში შესულ დეპუტატებს "მონის" ძახილით აცილებდნენ და სურდათ, რომ გამოსულებსაც ამგვარი სკანდირებით დახვედრილიყვნენ, თუმცა შენობასთან მობილიზებულმა დიდი რაოდენობით სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს. 

პოლიციელები მომიტინგეებს შენობის ირგვლივ გადაადგილებას უზღუდავდნენ. აქტივისტები ყვებიან, რომ პოლიციელები მათზე ფიზიკურად ძალადობდნენ. 

ტაბულას კორესპონდენტის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქართული ოცნების ოფისთან, მინიმუმ, ორი ადამიანია დაშავებული, რომელთაც სამედიცინო დახმარება ადგილზე მყოფმა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გაუწია. 

ერთერთი დაშავებული ტელეკომპანია ფორმულას ოპერატორი თორნიკე თვაურია, რომელსაც ხელი დაუზიანდა. 

ტაბულას კორესპონდენტის ცნობით, სამართალდამცველებმა საპარკინგე და ცენტრალური შესასვლელი გადაკეტეს და მათ შორის, ჟურნალისტებიც ვერ ახერხებდნენ ადგილზე მისვლას. 

14 ნოემბერს ქართულმა ოცნებამ საზოგადოების წინაშე დადებული პირობა არ შეასრულა და ჩააგდო კანონპროექტი, რომლითაც 2020 წლის არჩევნები სრულად პროპორციული წესით უნდა ჩატარებულიყო, რის შედეგადაც საპროტესტო აქციები განახლდა. 

კომენტარები