საარსებო მინიმუმი

საქსტატი: ხუთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 384.4 ლარია

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა განაახლა საარსებო მინიმუმის მონაცემები 2019 წლის ოქტომბრისთვის.

შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი ოქტომბრისთვის 192.9 ლარს შეადგენს, რაც წინა თვესთან შედარებით 3 ლარით მეტია.

ორსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი, საქსტატის მიხედვით, 273.3 ლარია, სამსულიანის კი 307.5 ლარი.

გასულ თვესთან შედარებით, საქსტატმა ოთხსულიანი და ხუთსულიანი ოჯახების საარსებო მინიმუმიც გაზარდა, შესაბამისად, 5.2 და 5.9 ლარით. ამგვარად, ოთხსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 341.7 ლარია, ხოლო ხუთსულიანის 384.4 ლარი.

სტატისტიკის ეროვნული სამსახური განმარტავს:

"2004 წლიდან საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებს ანგარიშობს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია და დადგენილია ,,საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 8 მაისის N111/ნ ბრძანების შესაბამისად. 2004 წლამდე საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლების გაანგარიშებას ახორციელებდა სხვა მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე. აღნიშნული მეთოდოლოგიური ცვლილებით აიხსნება 2004 წლამდე და 2004 წლის შემდგომი პერიოდისათვის გაანგარიშებულ მონაცემებს შორის სხვაობა."

კომენტარები