პროპორციული სისტემა

"მივდივარ გურიაში, რომ შევხვდე ამომრჩეველს და ვესაუბრო გუშინდელზე" - წილოსანის live ფეისბუქზე

"მივდივარ გურიაში, რომ შევხვდე მოსახლეობას, ჩემს ამომრჩეველს და ვესაუბრო მათ გუშინდელ დღეზე," - უმრავლესობის დეპუტატი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში ლაივ ვიდეოს აქვეყნებს სადაც საუბრობს, თუ რატომ არ დაუჭირა მხარი 2020 წლიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას. წილოსანი ამბობს, რომ ახლა საარჩევნო სისტემის შეცვლამ შესაძლოა, პოლიტიკური კრიზისი შექმნას. 

"მინდა მოვისმინო მათი მოსაზრება, ზოგ შემთხვევაში შეიძლება კრიტიკაც, თუმცა ეს არის ის ჯანსაღი ურთიერთობა, რაც ყველაზე მომწონს ჩემს საქმიანობაში. ჩემი ანგარიშვალდებულების მაღალი ხარისხი არის სწორედ ის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რატომაც ვარ მე მათი მაჟორიტარი. ქართული ოცნების ამომრჩევლისათვის კიდევ უფრო მეტი მაქვს სათქმელი, ჩემი გადაწყვეტილება არ ყოფილა სპონტანური და მე ძალიან ბევრ ადამიანს ვესაუბრე, მათ შორის ჩემს ახლობლებს, ოჯახის წევრებს და ჩემს კოლეგებს. მიხარია, რომ მომეცა საშუალება თავისუფალი არჩევანი გაეკეთებინა და ჩემი ძირითადი არგუმენტი იყო, რომ 2020 წელს პროპორციული საარჩევნო სისტემა ქმნის დიდ რისკს, რომ შეიქმნას სამთავრობო კრიზისი, შესაძლოა ვერ დაკომპლექტდეს მთავრობა და ჩვენი ქვეყნის განვითარების ამ ეტაპზე იქნება ძალიან დამაზიანებელი," - ამბობს წილოსანი.

გუშინ, 14 ნოემბერს, ქართული ოცნების ნაწილმა მხარი არ დაუჭირა კონსტიტუციური კანონის პროექტს, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით უნდა ჩატარებულიყო. 

კანონის ჩაგდებით მმართველმა გუნდმა არ შეასრულა ქართული ოცნების ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის, მიერ 24 ივნისს დადებული პირობა, რასაც თავის მხრივ წინ უძღოდა მასშტაბური საპროტესტო აქციები, რის შედეგადაც რამდენიმე დღის განმავლობაში რუსთაველის გამზირი გადაკეტილი იყო. აქციების ერთერთი მოთხოვნა სწორედ 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება იყო.

კომენტარები