რიგგარეშე არჩევნები

გადადგეს მთავრობა, ცესკო ჩაანაცვლოს მიუკერძოებელმა საარჩევნო კომისიამ - ენმ-ის მოთხოვნები

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა სამოქმედო გეგმისა და მოთხოვნების შესახებ განცხადებას ავრცელებს. ენმ-ს ორი მოთხოვნა აქვს:

"1. ივანიშვილი დაუყოვნებლივ უნდა ჩამოშორდეს ხელისუფლებას. მისი საოკუპაციო რეჟიმი, რომელიც თავის თავს მთავრობას უწოდებს, უნდა გადადგეს და კორუმპირებული ცესკო ჩაანაცვლოს პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების მიერ დაკომპლექტებულმა საარჩევნო კომისიამ.

2. საქართველოში უნდა ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დროებითი მთავრობისა და მიუკერძოებელი სარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში".

ამასთან, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, 17 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე საერთო სახალხო შეკრება ჩატარდება. 

"ეს კრება უმოკლეს ვადებში დაასრულებს ივანიშვილის ხელისუფლებას და სათავეს დაუდებს საქართველოში დემოკრატიული პრინციპების ჩამოყალიბებას,"- წერია განცხადებაში. 

პარტიის განცხადებით, ამისთვის ისინი საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო სამართლით აღიარებულ პროტესტისა და წინააღმდეგობების მეთოდებს მიმართავენ. 

14 ნოემბრის საპარლამენტო სხდომაზე ქართული ოცნების ნაწილმა მხარი არ დაუჭირა კონსტიტუციური კანონის პროექტს, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით უნდა ჩატარებულიყო. კანონპროექტს მხარი მხოლოდ 101-მა დეპუტატმა დაუჭირა, რაც საკმარისი არ აღმოჩნდა, რადგან კონსტიტუციური გადასინჯვისთვის პარლამენტის სრული შემადგენლობის 3/4-ის ანუ 113 დეპუტატის ხმაა საჭირო. 

კანონის ჩაგდებით მმართველმა გუნდმა არ შეასრულა ქართული ოცნების ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის, მიერ 24 ივნისს დადებული პირობა, რასაც თავის მხრივ წინ უძღოდა მასშტაბური საპროტესტო აქციები, რის შედეგადაც რამდენიმე დღის განმავლობაში რუსთაველის გამზირი გადაკეტილი იყო. აქციების 3 ძირითადი მოთხოვნით ერთერთი სწორედ 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება იყო. 

მმართველმა გუნდმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის პროცესი სექტემბერში დაიწყო. ჩაატარა საყოველთაო სახალხო განხილვაც. ამ დროის განმავლობაში ქართულ ოცნების დეპუტატებს ამ საკონსტიტუციო ცვლილებაზე პროტესტი არ გამოუთქვამს.

კომენტარები