ბიბლიური თავისუფლება

მამა თამაზი: თუ ორგანიზაციის წევრობა ფორმალურია, წესის ასაგებად დაბრკოლება არ არსებობს

მამა თამაზ ლომიძე

დეკანოზ თამაზ ლომიძის თქმით, თუ გირჩის "ბიბლიური თავისუფლების" წევრობა ფორმალურია და რელიგიური დატვირთვა არ აქვს, წესის ასაგებად დაბრკოლება არ არსებობს. ასე შეაფასა სამტრედიაში გარდაცვლილი 24 წლის ახალგაზრდისთვის სასულიერო პირების მიერ წესის არაგება მამა თამაზმა. ახალგაზრდა გირჩის "ბიბლიური თავისუფლების" მღვდელმსახური იყო. 

"თუ მხოლოდ ჯარიდან გასათავისუფლებლად იყენებენ ახალგაზრდები და ამასთან თუ მასში გაწევრიანებისას ადამიანებს ხაზგასმით არ განუცხადებიათ მართლმადიდებელი ეკლესიის და მისი მრწამსის დატოვების შესახებ, მაშინ არავითარი დაბრკოლება არ არსებობს წესის ასაგებად",-წერს მამა თამაზი.

მისივე თქმით, მართლმადიდებელი ადამიანი შეიძლება ორგანიზაციის წევრი იყოს, რომელსაც რელიგიური სათაური აქვს, თუმცა სარწმუნოებასა და ეკლესიასთან არ იყოს კავშირში.

"ასე უნდა მიუდგნენ ამ საკითხს და გადაწყვიტონ, ნუგეშს მისცემენ თუ არა მგლოვიარე ოჯახს. ეს თანადგომა განსაცდელში მყოფი ადამიანებისადმი ეკლესიის პირდაპირი მოვალეობაცაა და ოჯახისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. უნდა ეცადონ, რომ მონახონ გამოსავალი",-წერს მამა თამაზი. 

გირჩის ინფორმაციით, 11 ნოემბერს ავტოავარიაში გარდაცვლილი "ბიბლიური თავისუფლების" მღვდელმსახურის, შაკო ბარამიძის ოჯახმა წესის ასაგებად რამდენიმე ადგილობრივ სასულიერო პირს მიმართა, თუმცა უარი იმ მიზეზით მიიღო, რომ ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა სასულიერო პირებს უკრძალავს "ბიბლიური თავისუფლების" მოწმობის მქონე ადამიანებისთვის წესის აგებას. 

"ბიბლიურმა თავისუფლებამ" შაკო ბარამიძის სახელზე გაცემული მღვდელმსახურის მოწმობა გააუქმა, თუმცა, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ თქვა, რომ ცნობის გაუქმება არ ნიშნავს ავტომატურად ადამიანის ეკლესიის წიაღში დაბრუნებას და მან უნდა მოინანიოს.

ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა ამბობს, რომ გარდაცვლილს წესს არ აუგებენ, სანამ სინოდი ან მღვდელმთავრები არ მოილაპარაკებენ.

კომენტარები