ისრაელი

ისრაელის სამხედრო ძალებმა ტერორისტული ორგანიზაციის ისლამური ჯიჰადის მეთაური მოკლეს

WP

ისრაელის სამხედრო ძალებმა ღაზას სექტორში ტერორისტული ორგანიზაციის ისლამური ჯიჰადის მეთაური ბაჰა აბუ ალ ატა მოკლეს.

ოპერაცია 12 ნოემბერს გამთენიისას ჩატარდა.

ისლამური ჯიჰადის ინფორმაციით, ოპერაციის დროს დაიღუპა ალ ატას მეუღლე, დაჭრილები არიან მისი შვილები. 

ალ ატა ისრაელის სამხრეთ ნაწილის არაერთ თავდასხმაზე იყო პასუხისმგებელი და ახალი თავდასხმის გეგმებსაც აანონსებდა. ისლამური ჯიჰადის მოკავშირეები არიან ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასი, ჰეზბოლა და ირანი.

ისლამური ჯიჰადის ინფორმაციით, ისრაელის სამიზნე მათი პოლიტიკური ლიდერი აკრამ ალ აჯური იყო. სირიის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, დამასკოში მას თავს დაესხნენ. ის არ დაშავებულა, თუმცა როგორც სირიის მედია ამბობს, მისი ვაჟი და კიდევ ერთი პირი დაიღუპა და 10 დაიჭირა. ისრაელს ამის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია. 

ალ ატას ლიკვიდაციის ოპერაციიდან რამდნიმე საათში ისლამურმა ჯიჰადმა ისრაელის ქალაქების მიმართულებით რაკეტები გაისროლეს, მათ შორის ქალაქ თელავივშიც

ისრაელის სამხედრო ძალების ინფორმაციით, ღაზას სექტორიდან 50 რაკეტა გაისროლეს. შეტევის შედეგად დაშავდა 8 წლის გოგო, თუმცა მისი მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია. 

ისრაელის სამხრეთ და ცენტრალურ ნაწილში დროებით დახურეს სკოლები და მოქალაქეები გააფრთხილეს, რომ აუცილებელი საჭიროების გარდა საცხოვრებელი სახლი არ დაეტოვებინათ. ქვეყნის ამ ნაწილებში გახსნეს საზოგადოებრივი თავშესაფარები.

საპასუხოდ ისრაელმა ღაზას სექტორში გადასასვლელი ადგილები დაკეტა.

ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასი ალ ატას სიკვდილს გამოეხმაურა და თქვა, რომ ისრაელი "დაუსჯელი არ დარჩება". 

რამდენიმე დღის წინ ისრაელის თავდაცვის მინისტრად დანიშნეს ნაფტალი ბენეტი, რომელიც პალესტინელების წინააღმდეგ ხისტი პოლიტიკის მომხრეა. ისრაელი სამხედრო ძალების სპიკერის ინფორმაციით, ოპერაცია დიდი ხნის წინ იყო დაგეგმილი. 

შეგახსენებთ, რომ მაისში ღაზიდან ისრაელის მიმართულებით ჰამასმა ისლამურმა ჯიჰადის დახმარებით 600 რაკეტა ისროლეს, რასაც ისრაელმა საჰაერო იერიშით უპასუხა. 2014 წლის ივლისსა და აგვისტოში განვითარებული კონფლიქტის შემდეგ ეს ყველაზე დიდი დაპირისპირება იყო. 

კომენტარები