ბიბლიური თავისუფლება

რუსუდან გოცირიძე: წესის აგება სხვა არაფერია, თუ არა ნუგეში და იმედი მგლოვიარეთათვის

ტაბულა

საქართველოს ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი, რუსუდან გოცირიძე "ბიბლიური თავისუფლების" მოწმობის მქონე გარდაცვლილი კაცისთვის მართლმადიდებელი მღვდლების მხრიდან წესის აგებაზე უარის თქმას გამოეხმაურა. 

ფეისბუქზე მან დაწერა: 

"არის სარკმელი ერთი განზომილებიდან მეორეში.

უცნაურები ვართ ადამიანები, როცა ამ სამყაროსი ვერ გაგვიგია სწორად და იქითა სამყაროს აღვწერთ და წესებში ვატევთ დიდის სიზუსტითა და მოწადინებით. ეს დალოცვილი საღვთო წერილიც იმას ამბობს, რომ სამიაო მნიშვნელოვანი - რწმენა, იმედი და სიყვარული და აქედან მხოლოდ ერთი - სიყვარულია მარადიული, რაც ამ სოფლადაც გვჭირდება და იქაც მიგვყვება... აქ რჩება მხოლოდ რწმენა იმისა, რომ საყვარელ ადამიანს, რომელსაც დღეს ვემშვიდობები, ოდესმე შევხვდები და იმედი ღვთის დიდი სიყვარულისა, რომ აქედან წასულს უფალი ჩაიკრავს გულში.

წესის აგება სხვა არაფერია, თუ არა ნუგეში და იმედი მგლოვიარეთათვის. ერთ-ერთი ყველაზე საშური და აუცილებელი საქმე ღვთისმსახურისავის.

ღვთის საამებლად შექმნილი ყველაზე მნიშვნელოვანი წესიც კი, თუკი ის უიმედობასა და სასოწარკვეთილებაში მარტოს ტოვებს ადამიანს, არც ღვთისათვისაა საამო, რადგან “ შაბათი შეიქმნა ადამიანთათვის და არა ადამიანი შაბათისათვის!” - “ სიკეთის კეთება გვმართებს შაბათ დღეს, თუ ბოროტისა?”

სიკვდილი არ ემორჩილება არც ერთ კანონს. მისთვის არ არსებობს მოყმე და მხცოვანი, სუსტი და ძალგულოვანი. ამისი ყველაზე ნათელი დადასტურება ისაა, რომ ამ ყველაფერს ვსაუბრობთ 24 წლის ახალგაზრდა ყმაწვილის მოულოდნელი სიკვდილის გამო. და ჩვენ მაინც ვახერხებთ წესებისა და კანონების მოშველიებით ნუგეშზე უარს ვეუბნებით მის ოჯახს.

P. S. როცა დედა გარდამეცვალა, მის სასახლესთან სხვადასხვა დენომინაციის, სხვადასხვა რელიგიის ადამიანებმა წაიკითხეს გამოსათხოვარი ლოცვები... ყველა ეს ლოცვა იყო ჩვენი გამხნევება, ჩვენი ნუგეშისცემა და გამოთხოვება... ძალიან ლამაზი და ამაღლებული გამოცდილება იყო ყველასთვის, ვინც ამისი მოწმე გახდა", - წერს რუსუდან გორიციძე

გირჩმა გუშინ, 11 ნოემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ წინა კვირის სამშაბათს, ავტოავარიაში დაიღუპა სამტრედიის რაიონში მცხოვრები, “ბიბლიური თავისუფლების” მღვდელმსახური, 24 წლის შაკო ბარამიძე. ოჯახს შაკოს მართლმადიდებლური წესით დაკრძალვა სურს. მიცვალებულისთვის წესის ასაგებად ოჯახმა რამდენიმე ადგილობრივ სასულიერო პირს მიმართა, მაგრამ უარი მიიღო. 

როგორც გირჩს სასულიერო პირებმა უთხრეს, ადამიანებს, ვისაც "ბიბლიური თავისუფლების" მოწმობა აქვთ აღებული, ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტ საბასგან აკრძალული აქვთ წესის აგება. ოჯახს გარდაცვლილი შაბათს უნდა დაეკრძალა, მაგრამ გადადეს, რადგან არ სურთ მართლმადიდებლური წესის აგების გარეშე დაკრძალვა. 

ინფორმაციის გავრცელების განცხადება საპატრიარქოშიც გაკეთდა. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ თქვა, რომ "თუ ადამიანი ეკლესიას არ ეკუთვნის, მას ვერანაირ მსახურებას ვერ შეუსრულებენ​". 

კომენტარები