რუსეთი

კისელიოვი: რუსეთი სიტყვის თავისუფლების მსოფლიო ჩემპიონია [VIDEO]

YouTube

"რუსეთი სიტყვის თავისუფლების მსოფლიო ჩემპიონია," - თქვა რუსეთში ცნობილმა ტელეწამყვანმა და კრემლის პროპაგანდის გამტარებელმა დმიტრი კისელიოვმა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის სტუდენტებთან ლექციის მიმდინარეობისას, რასაც აუდიტორიაში დამსწრე სტუდენტების სიცილი მოჰყვა.

იხილეთ ვიდეო 8:56 წუთზე.

რუსეთის დამოუკიდებელი მედიის Dozhd-ის ჟურნალისტმა მაშა ბორზუნოვამ Twitter-ზე დაწერა:

"მესამე დღეა, რაც მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის პირველკურსელებთან საუბარს ვცდილობთ, რომლებიც დიდებული და საშინელი კისელიოვის ლექციას ესწრებოდნენ. ვიღაცები მხოლოდ ანონიმური საუბრისთვის არიან მზად, დანარჩენები კი პასუხობენ 'სასწავლებლის გამო მეშინია, პრობლემები არ მჭირდება'. კისელიოვს მათთვის ტყუილად არ უთქვამს, რომ რუსეთი მსოფლიოში სიტყვის თავისუფლების ჩემპიონი".

კისელიოვი სახელმწიფო დაქვემდებარებაში არსებული სიახლეების სააგენტოს Russia Segodnya-ს აღმასრულებელ დირექტორად 2013 წელს ვლადიმერ პუტინმა დანიშნა. სააგენტო მოიცავს RIA Novosti, Sputnik, InoSMI. კისელიოვს ასევე სახელმწიფო ტელევიზიაში Rossiya 1 საკუთარი შოუ აქვს. 

"არაპარტიული ჟურნალისტიკის დრო დასრულდა. ობიექტურობა მითია," - თქვა კისელიოვმა. 

კისელიოვი ევროკავშირის სანქცირებულ პირთა სიაში შედის, როგორც "სახელმწიფო პროპაგანდის მთავარი ფიგურა, რომელიც უკრაინაში რუსული ჯარების განლაგებას მხარს უჭერს".

შეგახსენებთ, რომ რუსეთი მედია თავისუფლების ინდექსით 180 ქვეყნიდან 149-ე ადგილს იკავებს. 

Freedom House-ის ინფორმაციით, რუსეთი მსოფლიოს ქვეყანათა 25%-ში შედის, რომელიც არ არის თავისუფალი (100 ქულიდან 20 ქულით).

კომენტარები