გასაუბრება მოსამართლეობის კანდიდატებთან

მოსამართლეობის კანდიდატი: რადგან კლანის არსებობაზე ფაქტები არ არის, ე.ი კლანი არ არსებობს

პარლამენტი

უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატი, ქეთევან ცინცაძე ამბობს, რომ "ვინაიდან კლანის არსებობის დამდასტურებელი ფაქტები არ არის, ე.ი კლანი არ არსებობს",

მისი თქმით, ფაქტები რომ არსებობდეს, არც ოპოზიცია და არც არასამთავრობო ორგანიზაციები მათ არ დამალავდნენ. 

"მიმაჩნია, რომ მეც ვეცნობი, ვისმენ და მესმის მთელი რიგი საკითხები, თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულის შესახებ კონკრეტული ფაქტები, ვინაობა ა.შ, არ არის წარმოდგენილი. კონკრეტული ფაქტები, რაში მდგომარეობს ეს.. ჩემთვის, როგორც ინსპექტორისთვის, საინტერესო იქნებოდა, თუ არის მსგავს ფაქტების არსებობაა, იმისთვის, რომ საზოგადოებისთვის და ჩემთვისაც უფრო ნათელი გახდეს. 

ასეთი ფაქტები არსებობს ჰიპოთეტურად. მე ამ შემთხვევაში რამდენად მაკისრია, მოვიკვლიო ფაქტები, რომლებიც არ ვლინდება, ერთი საკითხია. ვფიქრობ, რომ თუ ასეთი ფაქტები არსებობს, არც საზოგადოება და არც არასამთავრობო ორგანიზაცია ამას არ დამალავს და ნათელი იქნება. ვინაიდან არ არის წარმოჩენილი, ე.ი არ არის ასეთი ფაქტები", - თქვა ქეთევან ცინცაძემ თინა ბოკუჩავას კითხვების პასუხად. 

არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკური ოპოზიცია, ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრთა ნაწილი მიხეილ ჩინჩალაძეს, დიმიტრი გვრიტიშვილს, ლევან მურუსიძეს, გიორგი მიქაუტაძეს და სხვებს მოსამართლეთა კლანის წევრობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ სასამართლო სისტემას ისინი მთლიანად აკონტროლებენ. 

ქეთევან ცინცაძე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის 20 კანდიდატიდან ერთ-ერთია. 

ქეთევან ცინცაძის სამუშაო გამოცდილება ასეთია: 2009-2011 წლებში ის საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლის რეფერენტად მუშაობდა. 2011-2017 წლებში იგი იყო ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლის თანაშემწე. 2017 წლის 21 ნოემბრიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ქეთევან ცინცაძე ხუთი წლის ვადით დამოუკიდებელ ინსპექტორად აირჩიეს. 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი რამდენიმე კვირაა, უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნი მოსამართლეობის კანდიდატებს უსმენს. მოსმენა 8 ნოემბერს სრულდება. კანდიდატები უზენაესი სასამართლოს 20 ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად იბრძვიან. პარლამენტი მათ კენჭს სათითაოდ უყრის. 

კომენტარები