გასაუბრება მოსამართლეობის კანდიდატებთან

მოსამართლე ქადაგიძე: ჩემთვის სასამართლო სისტემაში კლანის არსებობა წარმოუდგენელია

პარლამენტი

უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატი, ნინო ქადაგიძე ამბობს, რომ მისთვის სასამართლო სისტემაში კლანის არსებობა წარმოუდგენელია.

"მე არ ვეთანხმები, რომ სასამართლო სისტემაში თეორიულადაც შესაძლებელია კლანის ჩამოყალიბება. გამომდინარე იქიდან, რომ ინდივიდუალურად იღებს მოსამართლე გადაწყვეტილებებს. თქვენ ნახეთ, რომ 2003 წელს მიღებულ გადაწყვეტილებაზე მომიწია, პასუხი გამეცა. როგორც წარმოუდგენია ნებისმიერ პირს, მოვაწერო იმაზე ხელი, რასაც მე პრინციპულად არ ვეთანხმები და რაც შეიძლება შემდგომში გახდეს ჩემი პასუხისმგებლობის საკითხი. ეს ჩემთვის წარმოუდგენელია. ვერანაირად ვერ დავეთანხმები კლანური მმართველობის არსებობას. როგორც შიგნით ჩახედული ადამიანისთვის, ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ კლანი მართავდეს სასამართლოს", - თქვა ნინო ქადაგიძემ. 

______________________________________________________________________________________

კლანზე, რომელიც სასამართლოს მართავს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ოპოზიცია და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები საუბრობენ. 

გასული წლის 24 დეკემბერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, გიორგი მიქაუტაძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატი დაასახელა, მათ შორის თავისი თავიც: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე.

მაშინ გიორგი მიქაუტაძემ თქვა, რომ პარლამენტის წინაშე უზენაესი სასამართლოს 18-დამ 10 ვაკანტურ თანამდებობაზე დასამტკიცებლად სწორედ ეს ადამიანები წარდგებოდნენ. სია საბჭოს რამდენიმე წევრმა წინა ღამით, ყოველგვარი პროცედურის დარღვევით შეადგინა. სიის შედგენაში ჩართულები არ ყოფილან საბჭოს არამოსამართლე წევრები, არც არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლები. არ ჩატარებულა კონკურსი და გასაუბრება. 

როგორც სიის შემადგენლობას, ისე მისი მიღების ფორმას პროტესტი მოჰყვა, საბოლოოდ კი, 2019 წლის იანვარში სიაში მყოფმა ადამიანებმა საკუთარი კანდიდატურები გაიწვიეს და პროცესი ხელახლა დაიწყო. 

გამოცხადდა კონკურსი, რომელშიც თავდაპირველად 144 კანდიდატი მონაწილეობდა. შემდეგ ეტაპზე 50 მათგანი გადავიდა. საბჭომ საბოლოოდ 48 კანდიდატს მოუსმინა, მათგან 20 კი პარლამენტს უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლის 20 ვაკანტურ თანამდებობაზე წარუდგინა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მოსმენა მიმდინარე კვირის ბოლოს დასრულდება, შემდეგ კი პარლამენტი მათ კენჭს სათითაოდ უყრის. 

კომენტარები