ქართული ოცნების დეპუტატმა, მერაბ ქვარაიამ უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატს, ლაშა ქოჩიაშვილს ჰკითხა, არის თუ არა მორწმუნე.
მერაბ ქვარაია: მორწმუნე ხართ თუ არა?
ლაშა ქოჩიაშვილი: დიახ, ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანი.
მერაბ ქვარაია: მადლობა.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის 20 კანდიდატს უკვე რამდენიმე კვირაა უსმენს. მოსმენა 8 ნოემბერს დასრულდება, შემდეგ კი პარლამენტი მათ კანდიდატურებს კენჭს სათითაოდ უყრის.
ლაშა ქოჩიაშვილი 1999-2005 წლებში კთერჯოლის რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანაშემწედ მუშაობდა.
2005-2007 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანაშემწე.
2007 წელს ლაშა ქოჩიაშვილი დაინიშნა საჩხერის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ.
2010-2017 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.
2017 წლის 25 მაისიდან კი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში 3 წლის ვადითაა განწესებული.