თავისუფლების ინსტიტუტი

PAUL: დაგვიკავშირდნენ საფრანგეთიდან და გამოგვკითხეს ვითარება

PAUL Georgia-ში ტაბულას უთხრეს, რომ ფრანგული მხარე სწავლობს 2 ნოემბრის ინციდენტის დეტალებს.

როგორც კომპანიის დირექტორი, თამარ სტურუა ტაბულასთან საუბარში ამბობს, კომპანია PAUL-ის ფრანგმა წარმომადგენლებმა გამოიკითხეს ვითარება და ნახეს ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალა.

სტურუას თქმით, PAUL Georgia-მ ფრანგულ მხარეს აცნობა, რომ დაცვის პოლიცია, რომელიც კერძო კომპანიაა და PAUL-ს დაქირავებული ჰყავს, შემთხვევის ადგილზე გვიან მივიდა, რამაც ვითარების განმუხტვა გააჭიანურა.

"მათ ასეთი პროტოკოლი აქვთ, როგორც ვიცით და გვითხრეს, რომ გამოძახება უნდა გააკეთონ და მოვიდეს სპეციალური ბრიგადა, რომელიც გაიყვანდა იმ ადამიანს," - გვითხრეს PAUL Georgia-ში.

კომპანიაში ამბობენ, რომ ჯერ-ჯერობით არ იციან, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ინციდენტის გამოძიებას.

ტაბულას კითხვაზე, მოუხდის თუ არა PAUL Georgia დაზარალებულებს ბოდიშს, როგორც ფრანგულმა მხარემ ქნა, კომპანიის დირექტორი ამბობს, რომ ძალიან წუხს, თუ დაცვამ და მენეჯმენტმა ვერ შეძლო მომხმარებელთა უფლების სათანადოდ დაცვა:

"ჩვენი პოზიცია იყო ერთმნიშვნელოვნად ის, რომ ჩვენ ძალიან ვწუხვართ. ჩვენ არცერთი პოლიტიკური მხარის მხარდამჭერები არ ვართ. ჩვენ ვართ ბრენდი, რომელიც გახსნის დღიდან ვემსახურებით ყველა მოსაზრების მიმდევარ მომხმარებელს."

2 ნოემბერს აბაშიძის ქუჩაზე, PAUL-ში თავისუფლების ინსტიტუტის დამფუძნებელ ლევან რამიშვილს, ორგანიზაციის დირექტორსა და წევრებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

როგორც თავისუფლების ინსტიტუტის წევრი კატო კოპალეიშვილი წერდა, ნაცვლად იმისა, რომ მომსახურე პერსონალს აგრესიული პირები კაფიდან გაეყვანა, მათ თავისუფლების ინსტიტუტის წევრებს სთხოვეს მეორე სართულზე ასვლა.

კოპალეიშვილი ყვება, რომ მოგვიანებით მასთან კაფის მენეჯერი მივიდა და სთხოვა, ინციდენტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელებში არ განეთავსებინა, რაზეც კოპალეიშვილისგან უარი მიიღო.

4 ნოემბერს PAUL International-ის ფრანგმა დირექტორმა, მაქსიმ ჰოლდერმა თავისუფლების ინსტიტუტს ბოდიში მოუხადა.

 

კომენტარები