ერაყი

ერაყში საპროტესტო აქციებზე, სულ მცირე, ათი ადამიანი მოკლეს

DW

ერაყში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე უსაფრთხოების ძალებისა და მომიტინგეების შეტაკებას, სულ მცირე, ათი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ქალაქ ნასირიაში ორი მომიტინგე მაშინ მოკლეს, როდესაც უსაფრთხოების ძალების ინფორმაციით, მომიტინგეები ერთერთი მაღალჩინოსნის საცხოვრებელ სახლში შეჭრას ცდილობდნენ. დაჭრილია 12 ადამიანი.

დედაქალაქ ბაღდადში კიდევ 6 ადამიანი მოკლეს, სადაც უსაფრთხოების ძალებმა რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. მოკლულებს შორის ერთი უსაფრთხოების ძალების წარმომადგენელიც არის. დაჭრილია 34 ადამიანი.

ამას გარდა უსაფრთხოების ძალებმა უმ ქასრში კიდევ ერთი მომიტინგე მოკლეს და 34 დაჭრეს.

სანტრაში საპროტესტო აქციებზე სამართალდამცავთან და მომიტინგეთა შეტაკების შედეგად ერთი ადამიანი მოკლეს.

ერაყში გაეროს წარმომადგენელი ჟეანინ ჰენის პლასშერტი ორშაბათის მოვლენებს საკუთარ Twitter-ზე გამოეხმაურა - "შეშფოთებული ვარ ერაყში მომხდარი სისხლისღვრის გამო. ძალადობა მხოლოდ ძალადობას შობს. მშვიდობიანი მომიტინგეები დაცულნი უნდა იყვნენ. დროა ეროვნული დიალოგისთვის".

ერაყში საპროტესტო აქციები პირველ ოქტომბერს დაწყო. დაღუპულთა რიცხვმა 250-ს გადააჭარბა.

პრემიერმინისტრმა აბდელ აბდულ მაჰდიმ სატელევიზიო მიმართვაში თქვა, რომ მოსახლეობის იმედგაცრუება ესმის, თუმცა ერაყის პრობლემებისთვის მაგიური გამოსავალი არ არსებობს. მან რეფორმების გატარების პირობა დადო, თუმცა მომიტინგეთა დიდი ნაწილი მის სიტყვას არ ენდობა. 

ეს პირველი მსგავსი გამოცდაა პრემიერმინისტრ მაჰდისათვის, რომელიც შიიტურმა პარტიებმა გასულ წელს დანიშნეს.

ირანელი სასულიერო პირები არეულობაში აშშ-სა და ისრაელს ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ ამით მათ შიიტების პილიგრიმობისათვის ხელის შეშლა სურთ.

კომენტარები