საზოგადოებრივი ტრანსპორტი

კალაძე: თბილისს ეყოლება ყველაზე მაგარი საზოგადოებრივი ტრანსპორტი

"ყველა პროექტი, რომელსაც ვახორციელებთ საერთო ჯამში მოგვცემს შედეგს, რომ თბილისს ეყოლება ყველაზე მაგარი საზოგადოებრივი ტრანსპორტი," - თბილისის მერმა კახა კალაძემ ახალი ავტობუსების პრეზენტაცია გამართა. თბილისის მერის თქმით, ხვალიდან სხვადასხვა რაიონს მოემსახურება დამატებიით 30 ახალი ავტობუსი, რომელთაგან 23 არის 8-მეტრიანი, ხოლო 7  10-მეტრიანი.

კალაძე ამბობს, რომ ახალი ავტობუსები, მეტროში სამუშაოები და ტაქსების რეფორმა თბილისში ტრანსპორტის მოძრაობას მოაწესრიგებს. მისივე თქმით, ოპონენტები მერიის პროექტების კრიტიკით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ. 

"ყველა პროექზე ისმის ხოლმე, რა დროს ეს იყო, მოგვეცადა, ჯერ ერთი გაგვეკეთებინა, მერე მეორე. არა მეგობრებო, ჩვენ არ გვაქვს მოცდის დრო, ჩვენ ხალხმა აგვირჩია იმისთვის, რომ განვახორციელოთ რეფორმები, მოვაწესრიგოთ ქალაქში არსებული პრობლემები, ღირსეულად ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რომლებიც აწუხებთ თბილისელებს. ჩვენ ვიცდიდით 25 წელი და მე მგონი, არავის მოგწონთ ის რაც ხდება ქალაქში და რა რეალობის წინაშეც აღმოვჩნდით. ძალიან დიდი ძალისხმევა უნდა ჩაიდოს, რომ სწრაფად იქნას მოგვარებული ყველა პრობლემა. პარალელურ რეჟიმში უნდა მოხდეს ამ ყველაფრის გაკეთება," - ამბობს კალაძე. 

თბილისის მერი მოსახლეობას პირდება, რომ მერია მათ ყოველთვის მიაწვდის ინფორმაცია დაგეგმილი პროექტების შესახებ და "ქალაქის მაჯის ცემაზე ექნებათ ხელი დადებული."

"ხვალიდან ეს ლამაზი ავტობუსები მოემსახურება თბილისის მოსახლეობას," - თქვა კალაძემ. 

 

კომენტარები