გასაუბრება მოსამართლეობის კანდიდატებთან

მოსამართლე: მადლიერებით მივიღე მიქაუტაძის შემოთავაზება, ვყოფილიყავი 10-კაციან სიაში

პარლამენტი

მოსამართლე ნინო ქადაგიძე ამბობს, რომ მან მადლიერებით მიიღო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, გიორგი მიქაუტაძის შემოთავაზება, ყოფილიყო უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატთა 10-კაციან სიაში. 

როგორც თავად თქვა, შეთავაზებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვები არ გასჩენია. 

"ძალიან კარგად მახსოვს ის დღე და ის წუთები, პროცესზე ვიმყოფებოდი - ყველამ იცის, რომ პროცესზე ტელეფონი ძალიან იშვიათ შემთხვევაში შემაქვს. რომ გამოვედი პროცესიდან, მითხრეს, რომ საბჭოდან მირეკავდნენ და ვერ მოახერხეს ჩემთან კომუნიკაცია. ამის შემდეგ მე დავუკავშირდი საბჭოს მდივანს. მან მითხრა, რომ ასეთი შემოთავაზება აქვთ - ეს იყო ხუთშაბათი დღე. მე ვკითხე, საჭირო იყო თუ არა ჩემი მოსვლა. იმიტომ რომ მე და ჩემს მეგობრებს კარგა ხანია, დაგეგმილი გვქონდა ქალაქიდან გასვლა, დაჯავშნილი მქონდა სასტუმრო და აქედან გამომდინარე გარკვეული პრობლემები მექმნებოდა. მათ მითხრეს, რომ ამის აუცილებლობა არ არის, უბრალოდ განცხადება უნდა გამემზადებინა, თუ, ბუნებრივია, მათ შეთავაზებას მივიღებდი. მე მივიღე მადლიერებით ეს შეთავაზება და დავთანხმდი, რომ ჩემი კანდიდატურა წარდგენილი ყოფილიყო უზენაეს სასამართლოში. მე კითხვები არ გამჩენია, იმიტომ რომ არ ვთვლიდი, რომ არ მქონდა უფლება, რომ წარდგენილი ვყოფილიყავი. ჩავთვალე, რომ ჩემი გამოცდილება მისაღები იყო საბჭოსთვის. ამის გათვალისწინებით მივიღე ეს შემოთავაზება. გიდასტურებთ, რომ მივიღე მადლიერებით", - თქვა დღეს, 4 ნოემბერს ნინო ქადაგიძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატებს უსმენენ. 

გასული წლის 24 დეკემბერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, გიორგი მიქაუტაძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატი დაასახელა, მათ შორის თავისი თავიც: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე.

მაშინ გიორგი მიქაუტაძემ თქვა, რომ პარლამენტის წინაშე უზენაესი სასამართლოს 18-დამ 10 ვაკანტურ თანამდებობაზე დასამტკიცებლად სწორედ ეს ადამიანები წარდგებოდნენ. სია საბჭოს რამდენიმე წევრმა წინა ღამით, ყოველგვარი პროცედურის დარღვევით შეადგინა. სიის შედგენაში ჩართულები არ ყოფილან საბჭოს არამოსამართლე წევრები, არც არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლები. არ ჩატარებულა კონკურსი და გასაუბრება. 

როგორც სიის შემადგენლობას, ისე მისი მიღების ფორმას პროტესტი მოჰყვა, საბოლოოდ კი, 2019 წლის იანვარში სიაში მყოფმა ადამიანებმა საკუთარი კანდიდატურები გაიწვიეს და პროცესი ხელახლა დაიწყო. 

გამოცხადდა კონკურსი, რომელშიც თავდაპირველად 144 კანდიდატი მონაწილეობდა. შემდეგ ეტაპზე 50 მათგანი გადავიდა. საბჭომ საბოლოოდ 48 კანდიდატს მოუსმინა, მათგან 20 კი პარლამენტს უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლის 20 ვაკანტურ თანამდებობაზე წარუდგინა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მოსმენა მიმდინარე კვირის ბოლოს დასრულდება, შემდეგ კი პარლამენტი მათ კენჭს სათითაოდ უყრის. 

კომენტარები