გასაუბრება მოსამართლეობის კანდიდატებთან

ქადაგიძე ბოკერიას: თქვენ ძალიან კარგად შეგიძლიათ, ადამიანს აურიოთ გზა-კვალი

პარლამენტი

უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატს, ნინო ქადაგიძეს გიგა ბოკერიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მის ერთ-ერთი გადაწყვეტილების შესახებ ჰკითხა. 

კერძოდ, კითხვა ეხებოდა საქმეს, რომლის მიხედვითაც, ენმ-მ სასამართლოს მიმართა მოთხოვნით, კანონსაწინააღმდეგო ქმედებად ეღიარებინა იუსტიციის სამინისტროსთან არსებული თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის სხდომების აუდიოჩანაწერების განადგურება. სასამართლომ ენმ-ის სარჩელი არ დააკმაყოფილა. იუსტიციის სამინისტრო უთითებდა რომ აღნიშნულ აუდიო ჩაწერას ჰქონდა ერთჯერადი ხასიათი და გამოიყენებოდა მხოლოდ წერილობითი ოქმის შესადგენად, რის შემდეგაც დაუყოვნებლივ ნადგურდებოდა.

ბოკერიამ ქადაგიძეს ჰკითხა, არის თუ არა საჯარო პარლამენტის საკომიტეტო მოსმენის აუდიოჩანაწერი, რაზეც მოსამართლემ უპასუხა:

"ბატონო გიგა მე ვიცნობ მაგ გადაწყვეტილებას. თქვენ ძალიან კარგად შეგიძლიათ, ადამიანს აურიოთ გზა კვალი, ამის ნიჭი უდავოდ გაქვთ. ამ სხდომის აუდიო ჩანაწერი საჯარო იქნება იმ შემთხვევაში, თუ ეს არის რეგლამენტით გაწერილი და თუ ეს ჩანაწერი არის დაცული, როგორც ინფორმაცია".

"დიდი მადლობა კომპლიმენტისთვის, მაგრამ აქ ჩემზე კი არ უნდა იყოს საუბარი. საუბარი უნდა იყოს თქვენზე", - თქვა ბოკერიამ. 

ნინო ქადაგიძე: ამ სხდომის აუდიო ჩანაწერი იქნება საჯარო იმ შემთხვევაში, თუ ეს არის რეგლამენტით გაწერილი და თუ ეს ჩანაწერი არის დაცული, როგორც ინფორმაცია იმ შესაბამის კრიტერიუმებით, რასაც ითვალისწინებს ჩაწერის სისტემა. 

გიგა ბოკერია: ანუ, თუ იმ უწყებამ, ვისაც ევალება, რომ ეს ინფორმაცია იყოს საჯარო, დაარღვია პროცედურა, უნდა დაზარალდეს საზოგადოება და ვერ მიიღოს ჩანაწერი? 

ნინო ქადაგიძე: საზოგადოებამ უნდა მიიღოს საჯარო ჩანაწერი. 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი რამდენიმე კვირაა, უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნი მოსამართლეობის კანდიდატებს უსმენს. მოსმენები მიმდინარე კვირას დასრულდება. უზენაეს სასამართლოში 20 ვაკანსიაა და მათ დასაკავებლად 20 კანდიდატი იბრძვის. პარლამენტი მათ საკომიტეტო მოსმენების დასრულების შემდეგ კენჭს სათითაოდ უყრის.

კომენტარები