აბაშიძე-კარასინის ფორმატი

ბოკერია აბაშიძე-კარასინზე: მთავარი პრობლემა ისაა, რომ ხელისუფლებას არ აქვს ხედვა

პირველი არხი

ევროპული საქართველოს დეპუტატ გიგა ბოკერიას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებაზე ჰკითხეს, რომლის მიხედვითაც, აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების ფორმატში კვლავ გრიგორი კარასინი მიიღებს მონაწილეობას, მიუხედავად იმისა, რომ ის აღარ იკავებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტს.

ბოკერიას თქმით, მთავარი პრობლემა ისაა, რომ ხელისუფლებას არ აქვს ხედვა და რწმენა, როგორ უნდა წაიყვანოს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან იმ ვითარებაში, როდესაც ის ყოველდღე ამძიმებს ვითარებას საოკუპაციო ხაზთან. 

"ეს არის მთავარი და არა ის, ვინ წავა მოლაპარაკებებზე. ამას სჭირდება მშვიდობიანი არჩევნების გზით ხელისუფლების გამოცვლა, რაც აუცილებლად მოხდება ერთ წელიწადში,"- თქვა ბოკერიამ. 

დეპუტატის თქმით, რაც შეეხება კონკრეტულად კარასინის საკითხს, აქ დიპლომატიური პრობლემაა. 

"თუ მას სტატუსი არ აქვს და ისე არის მოჩენილი, ეს არანორმალური ვითარებაა და წესით და რიგით, ერთი და იმავე რანგის ადამიანები უნდა იყვნენ მოლაპარაკებებში ჩართული,"- თქვა გიგა ბოკერიამ. 

მისივე თქმით, ევროპული საქართველოს პოზიციაა, რომ რუსეთთან ამ ტიპის ნებისმიერი მოლაპარაკებები სჯობს, რომ ჟენევის ფორმატში გაიმართოს, თუმცა ყველაფერი ეს, მისივე თქმით, მეორეხარისხოვანია თავდაპირველ პრობლემასთან შედარებით. 

"ჯერ უნდა გვყავდეს ხელისუფლება, რომელმაც იცის, რა უნდა და სჯერა იმის, რომ შეუძლია, საკუთარი ქვეყანა დაიცვას დიპლომატიური მოლაპარაკებების ფორმატში. ჩვენ დღეს ასეთი ხელისუფლება არ გვყავს,"- ამბობს ბოკერია. 

1 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ, თქვა, რომ აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებებში კვლავ გრიგორი კარასინი მიიღებს მონაწილეობას. მისივე თქმით, ამ ტიპის შემდეგი შეხვედრა პრაღაში ნოემბრის ბოლოსთვისაა დაგეგმილი. 

აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკების ფორმატი ბოლოს 13 ივნისს პრაღაში შედგა. 23 აგვისტოს გრიგორი კარასინს 70 წელი შეუსრულდა და სახელმწიფო სამსახურის შესახებ კანონის მიხედვით, მას საჯარო თანამდებობის დატოვება მოუწია. ამ დრომდე უცნობი იყო, როგორ გაგრძელდებოდა მოლაპარაკების ფორმატი. 

კომენტარები