სირია

რას ალ აინთან სირიის არმიას და თურქეთის ძალებს შორის შეტაკება მოხდა

Reuters

ჩრდილოეთ სირიაში, სასაზღვრო ქალაქ რას ალ აინთან სირიის არმიასა და თურქეთის ძალებს შორის შეტაკება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას სირიის სახელმწიფო მედია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით თურქმა სამხედროებმა ქალაქ რას ალ აინთან მდებარე სოფელი აიღეს.

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა, რომ მათ მიერ დაწესებული "უსაფრთხო ზონიდან" ქურთისტანის სახალხო დაცვის შენაერთები სრულად არ გასულან, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი თურქეთს არწმუნებს, რომ ქურთმა მებრძოლებმა ტერიტორია სრულად დატოვეს.

ოფიციალური ანკარა ამბობს, რომ ისინი იტოვებენ ქურთი მებრძოლების წინააღმდეგ საზღვრის გადაღმა სამხედრო ოპერაციის ჩატარების უფლებას.

"თუ ჩვენ დავინახავთ, რომ ტერორისტული ორგანიზაციის წევრები ამ 30 კილომეტრიდან არ არიან გასულები, ან თუ გაგრძელდება თავდასხმები, სულ ერთია საიდან, ჩვენ ვიტოვებთ უფლებას ჩვენი ოპერაცია ჩავატაროთ." თქვა ერდოღანმა.

შეგახსენებთ, რომ 9 ოქტომბერს თურქეთმა ჩრდილოეთ სირიაში ოპერაცია “მშვიდობის წყარო” დაიწყო, მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ამ ტერიტორიიდან ამერიკელი ჯარისკაცები გაჰყავდა. ერდოღანმა თქვა, რომ ოპერაცია ე.წ. ისლამური სახელმწიფოს და ქურთისტანის სახალხო დაცვის კავშირის/ქურთისტანის მუშათა პარტიის წინააღმდეგ იყო მიმართული.

მძიმე დარტყმები მიიღეს სირიის დემოკრატიულმა ძალებმა. ოპერაციის დაწყებიდან დაიღუპა ათობით მშვიდობიანი მოქალაქე. 160,000-ზე მეტ ადამიანს სახლების მიტოვება მოუხდა. არეულობის გამო ციხეებიდან და ბანაკებიდან გაიქცა ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან დაკავშირებული 500-ზე მეტი ადამიანი.

სირიის დემოკრატიულმა ძალებმა აშშ-ის ამ გადაწყვეტილების შემდეგ შეთანხმებას ასადის რეჟიმთან მიაღწიეს, რის შემდეგაც ასადმა სირიის ჩრდილოეთით სირიის არმია გაგზავნა.

ერდოღანი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრაზე ცეცხლის დროებით შეწყვეტად სათანხმდა, რითაც ქურთ მებრძოლებს ტერიტორიის დატოვების დრო მისცა.

ამის შემდეგ გაიმართა შეხვედრა ერდოღანსა და პუტინს შორის, სადაც ისინი შეთანხმდნენ, რომ ქურთისტანის სახალხო დაცვის შენაერთები სირიის საზღვრიდან 30 კილომეტრში დაიხევდნენ. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, თურქეთის სამხედრო ოპერაციის ზონის გარეთ, სირიისა და თურქეთის საზღვარზე თურქეთის ძალებთან ერთად რუსეთის ძალები და სირიელი მესაზღვრეები განთავსდებიან. რუსეთი და თურქეთი ტერიტორიაზე ერთობლივ პატრულირებას იწყებენ. რუსეთმა უკვე გაგზავნა სირიაში დამატებითი სამხედრო ძალა და შეიარაღება.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ მიუხედავად მისი განცხადებისა, სირიიდან აშშ-ის ჯარის სრულად გამოყვანის თაობაზე, ქვეყანაში ამერიკელი ჯარისკაცების მცირე ნაწილი მაინც დარჩება. მათი ნაწილი მოკავშირეებთან ერთად ნავთობის საბადოებს დაიცავს, ნაწილი კი ისრაელისა და იორდანიის საზღვართან ახლოს განლაგდება.

კომენტარები