სინოდის სხდომა

სინოდის სხდომა 31 ოქტომბერს გაიმართება, საპატრიარქო ილია II-ს შესაძლო გადადგომას უარყოფს

patriarchate.ge

საპატრიარქოს მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, კათოლიკოს პატრიარქის დავალებით, წმინდა სინოდის სხდომა 31 ოქტომბერს, 12:00 საათზე გაიმართება. კათოლიკოს პატრიარქის მდივანს არ დაუსახელებია საკითხები, რომელსაც სხდომაზე განიხილავენ. თუმცა, მამა მიქაელ ბოტკოველის თქმით, "წმინდა სინოდი მიიღებს გადაწყვეტილებას, ეკლესიის წიაღში დაიწყება თუ არა მეუფე იაკობთან დაკავშირებით საკითხის განხილვა". 

მამა მიქაელ ბოტკოველმა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ კათოლიკოს პატრიარქი გადადგომას აპირებდა და ის თბილისს განარიდეს, უარყო. 

"ეს ყველაფერი არის მტკნარი სიცრუე და სიმართლეს არ შეესაბამება. მისი უწმინდესობა ხშირად ტოვებს ხოლმე დედაქალაქს, ქალაქის მახლობლად რეზიდენციაში ატარებს ხოლმე რამდენიმე დღეს და ისევ ბრუნდება ქალაქში",-თქვა მან. 

მამა მიქაელ ბოტკოველის თქმით, სინოდის სხდომას მეუფე იაკობიც დაესწრება. 

"მეუფე იაკობმა გადაიხადა ფასი იმასთან დაკავშირებით, რა აჟიოტაჟიც მოჰყვა მის განცხადებებს. მეუფე იაკობი რჩება საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრად. ის არის ბოდბელი მთავარეპისკოპოსი და მის სინოდის წევრობასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ არსებობს",-თქვა პატრიარქის მდივანმა.  

ცნობისთვის, ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა 26 ოქტომბერს თქვა, რომ ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა, ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე, სახელისუფლებო პირები და "ზოგიერთი ბიზნესმენი", მათ შორის ვანო ჩხარტიშვილი, პატრიარქ ილია II-ის მკვლელობას გეგმავდნენ.  

იმავე ეთერში მეუფე იაკობმა ისიც თქვა, რომ ექსპრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, თანამდებობაზე ყოფნის დროს, მას შეხვედრაზე დაუძახა, რომელსაც ეპისკოპოსის ინფორმაციით, ასევე ესწრებოდნენ მოქმედი პრემიერმინისტრი და მაშინდელი ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია და მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრი და მაშინდელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ვახო გომელაური. მეუფე იაკობი ყვება, რომ სახელმწიფო პირები მას "ეჩალიჩებოდნენ", რომ პატრიარქი ილია II გადაეყენებინათ და მის ნაცვლად პატრიარქის მოსაყდრე შიო დაეყენებინათ ახალ პატრიარქად. ეპისკოპოსის თქმით, ე.წ ციანიდის საქმე ამ შეხვედრამდე იყო დაგეგმილი და ამაში სახელმწიფო იყო ჩარეული.

28 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ მეუფე იაკობი პატრიარქოს ქორეპისკოპოსი აღარ არის. საპატრიარქოს ვებ გვერდზე წერია, რომ მეუფე იაკობი თავისივე თხოვნის საფუძველზე გათავისუფლდა.

კომენტარები