გოცირიძე: არ იქნება გამოძიება? 100%-ით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მეუფე იაკობი სიმართლეს ამბობს

ტაბულა

"არ იქნება გამოძიება? 100%-იანი სიზუსტით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მეუფე იაკობი სიმართლეს ამბობს, თუმცა მე პირადად ამაში ეჭვი არც მეპარება.", - ენმ-ის წევრი რომან გოცირიძე მეუფე იაკობის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება და ამბობს, რომ გამოძიება ამ ფაქტებზე დღესვე უნდა დაიწყოს.

"იმ შემთხვევაში, თუ შეეცდებიან ეს საკითხები გადაიტანონ რაღაც მოტივით, მაგალითად მოვისმინეთ ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადება, რომ ეკლესიის საკითხებში არ ერევიან, ეს არ არის ეკლესიის საკითხები, ეს არის პირდაპირ ქართული ოცნების ხელისუფლების საკითხები. თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ გახარია, გომელაური და კვირიკაშვილი ამას საკუთარი ნებით გააკეთებდნენ? კვირიკაშვილმა ხომ თქვა, ვინ მართავს ქვეყანას და თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ ამაში ივანიშვილი არ იყო ჩართული? დღეს ყველა ასრულებს ივანიშვილის დავალებას. ეს გამოძიება თუ შეჩერდა, პირდაპირ კვალი მიდის, როგორც ხელისუფლების მაღალჩინოსნებისკენ, ასევე ივანიშვილისკენ", - ამბობს გოცირიძე ჟურნალისტებთან საუბარში.

ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა 26 ოქტომბერს თქვა, რომ ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა, ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე, სახელისუფლებო პირები და "ზოგიერთი ბიზნესმენი", მათ შორის ვანო ჩხარტიშვილი პატრიარქ ილია II-ის მკვლელობას გეგმავდნენ.  

იმავე ეთერში მეუფე იაკობმა ისიც თქვა, რომ ექსპრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, თანამდებობაზე ყოფნის დროს, მას შეხვედრაზე დაუძახა, რომელსაც ეპისკოპოსის ინფორმაციით, ასევე ესწრებოდნენ მოქმედი პრემიერმინისტრი და მაშინდელი ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია და მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრი და მაშინდელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ვახო გომელაური. მეუფე იაკობი ყვება, რომ სახელმწიფო პირები მას "ეჩალიჩებოდნენ", რომ პატრიარქი ილია II გადაეყენებინათ და მის ნაცვლად პატრიარქის მოსაყდრე შიო დაეყენებინათ ახალ პატრიარქად. ეპისკოპოსის თქმით, ე.წ ციანიდის საქმე ამ შეხვედრამდე იყო დაგეგმილი და ამაში სახელმწიფო იყო ჩარეული.

აღნიშნულს გამოეხმაურა მეუფე პეტრე და მეუფე იაკობისა და "მსგავსი ადამიანების ეკლესიაში არსებობაზე და მათ თავნებობაზე" პასუხისმგებლობა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, ილია II-ს დააკისრა. 

28 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ მეუფე იაკობი პატრიარქოს ქორეპისკოპოსი აღარ არის. 

საპატრიარქოს ვებ გვერდზე წერია, რომ მეუფე იაკობი თავისივე თხოვნის საფუძველზე გათავისუფლდა.

კომენტარები