წყალტუბოს პროექტი

ბიძინა ივანიშვილი წყალტუბოში 22 სასტუმროსა და 9 აბანოს გამოსყიდვას გეგმავს

ბიძინა ივანიშვილი
Forbes

ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ "წყალტუბოს აღორძინების პროექტის ფარგლებში", ქალაქში არსებული უკლებლივ ყველა სანატორიუმისა და ბალნეოლოგიური აბანოს გამოსყიდვას აპირებს. 

29 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში ივანიშვილი წერს, რომ ის წყალტუბოში არსებული 22 სასტუმროსა და 9 აბანოს გამოსყიდვას და შემდგომში მათ რეაბილიტაციას გეგმავს.

"ამავდროულად, საჯაროდ ვთავაზობ ქართულ ბიზნესს - მზად ვარ, პროექტის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, იქნება ეს დაგეგმარება, პროექტირება, მშენებლობა თუ დასრულების შემდეგ, ექსპლუატაციაში ჩაშვება, გავასხვისო ეს ობიექტები ნებისმიერ ინვესტორზე, რათა შემდგომში მან გააგრძელოს წარმატებული ოპერირება,"- წერს ივანიშვილი. 

მისი თქმით, მას არანაირ მოგებაზე არ ექნება საუბარი და მაქსიმალური თანხა თვითღირებულება იქნება. 

"ამავდროულად, მე მზად ვარ დაინტერესებულ ბიზნესს ეს პროექტები გადავცე ფასდაკლებით, ან უფრო მეტიც, მნიშვნელოვანი ფასდაკლებით," - წერს ივანიშვილი. 

მისივე განცხადებით, ამ ნაბიჯით მას სურს, რომ ერთი მხრივ "სიმყარე" მისცეს ბიზნესს, რათა ის ნებისმიერ ეტაპზე შეუერთდეს პროექტს, ხოლო მეორე მხრივ, სახელმწიფოს მისცეს "სტიმული", რომ მაქსიმალურად განავითაროს ინფრასტრუქტურა. 

მისივე განცხადებით, საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების პირველივე წლებში წყალტუბოს სამედიცინო და ტურისტული ინფრასტრუქტურა პრაქტიკულად გავერანდა. 

"კურორტის აღდგენა და განვითარება უკვე მესამე ათწლეულია, მრავალ, ობიექტურ თუ სუბიექტურ მიზეზთა გამო, ვერ შეძლო ვერც სახელმწიფომ და ვერც ბიზნესმა,"- წერს ივანიშვილი. 

ივანიშვილის თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ სახელმწიფოს არ აქვს იმის რესურსი, რომ წყალტუბოს რეაბილიტაციაში რამდენიმე ასეული მილიონის ინვესტიცია ჩადოს, მიიღო გადაწყვეტილება, რომ თავად ჩაუდგეს სათავეში "წყალტუბოს აღორძინების პროექტს". 

"გადავწყვიტე, პირადი სახსრებით დავიწყო და მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში განვახორციელო არა მხოლოდ ამჟამად სრულიად ამორტიზებული ტურისტული და სამკურნალო ინფრასტრუქტურის სრულმასშტაბიანი რეაბილიტაცია, არამედ თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნით და დაცვით უზრუნველვყო მისი განვითარება,"- წერს ივანიშვილი. 

ივანიშვილი მიიჩნევს, რომ წყალტუბოს აქვს ყველა პოტენციალი იმისთვის, რომ უახლოეს წლებში რეგიონის ჯანმრთელობისა და ტურიზმის დედაქალაქად გადაიქცეს. 

ქართული ოცნების თავმჯდომარის განცხადებით, წყალტუბოს განვითარების ხედვა და კონცეფცია, რომლითაც ის ხელმძღვანელობას აპირებს, შვეიცარიული საკონსულტაციო კომპანიის KohL&Partners-ის მიერ შემუშავებულ გეგმას ეყრდნობა, რომლის ფარგლებშიც წყალტუბოში დამატებით უნდა აშენდეს ბავშვთა მოედნები, წყლის პარკი, ტროპიკული ბაღი, გოლფის და ჩოგბურთის მოედნები, კლდეზე ცოცვის პარკი, სავაჭრო ცენტრი, კაფე-ბარები და რესტორნები. ივანიშვილის თქმით, ის წყალტუბოში საგანმანათლებლო ცენტრის გახსნასაც გეგმავს პროფილურ სპეციალობებში მოქალაქეების გადასამზადებლად. 

"დარწმუნებული ვარ, რომ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობასთან ერთად, წყალტუბოს სრულფასოვანი რეაბილიტაცია-განვითარება იმერეთის მხარეს გადააქცევს ჯანმრთელობის და ტურიზმის, ახალგაზრდობისა და განათლების მძლავრ, საერთაშორისო ცენტრად," - წერს ივანიშვილი. 

ივანიშვილი მიიჩნევს, რომ სანატორიუმების რეაბილიტაცია წყალტუბოში, მინიმუმ, 8 000 ადამიანს დაასაქმებს და მათი აღდგენის შედეგად, წელიწადში საშუალოდ 600 000-დან 800 000-მდე ტურისტის მიღების შესაძლებლობა ექნება.

"საბოლოო ჯამში, რეგიონში დასაქმდება 15 000 – 20 000 ადამიანი, რაც უპირობოდ გამოიწვევს მთელი იმერეთის მხარის მდგრად ეკონომიკურ განვითარებას და აღმავლობას,"- წერს ივანიშვილი. 

კომენტარები