აფგან მუხთარლის საქმე

ჩუგოშვილი: მუხთარლის საქმეზე გამოძიება იმაზე დიდხანს მიმდინარეობს, ვიდრე უნდა იყოს

parliament.ge

ქართული ოცნების დეპუტატი, პარლამენტის ვიცესპიკერი თამარ ჩუგოშვილი ამბობს, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, გატაცების საქმეზე გამოძიება იმაზე დიდხანს მიმდინარეობს, ვიდრე უნდა მიმდინარეობდეს. 

"პასუხები რეალურად სამართლებრივ ნაწილში არ არის და არის ძალიან დაგვიანებული. ამ კონკრეტულ საქმეში პროკურატურას აქვს პრობლემები," - თქვა ჩუგოშვილმა პალიტრანიუსის ეთერში, გადაცემაში პოლიტ-ქალაქი. 

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და აქტივისტი აფგან მუხთარლი, რომელიც თავს ცოლთან ერთად საქართველოს აფარებდა, 2017 წლის 29 მაისს თბილისიდან გაუჩინარდა. 2 წლისა და 5 თვის შემდეგაც კი ამ საქმეზე გამოძიებას კონკრეტული არაფერი უთქვამს. 

მუხთარლიმ, რომელიც აზერბაიჯანის ხელისუფლებას აკრიტიკებდა და ამის გამო მას სამშობლოში დევნიდნენ, ცოლთან ერთად საქართველოს თავი 2015 წელს შეაფარა. ის 2 წლის განმავლობაში საქართველოში ცხოვრობდა და მუშაობდა, სანამ ერთ დღესაც არ გაუჩინარდა. გაუჩინარებიდან მეორე დღეს, 30 მაისს გაირკვა, რომ მუხთარლი ბაქოში ჰყავდათ დაკავებული, თუმცა მისი პასპორტი თბილისში მის ცოლს ჰქონდა. მოგვიანებით ჟურნალისტმა თქვა, რომ ის თბილისიდან კრიმინალური პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა ადამიანებმა გაიტაცეს. 

აზერბაიჯანში აფგან მუხთარლის ბრალად სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევა, საზღვრის უკანონო კვეთა და კონტრაბანდის გადატანა ედება. მას სამშობლოში 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 

მანამდე კი ზაქათალაქში მუხთარლის და, დისშვილი და ძმისშვილი გარდაცვლილები იპოვეს. მათ ორმოცზე დასასწრებად ჟურნალისტი 2 დღით გაათავისუფლეს, რა დროსაც მან რუსთავი 2-ს ინტერვიუ მისცა და თქვა, რომ საქართველოდან ის კრიმინალურმა პოლიციამ გაიტაცა და მათ ამის ბრძანება საქართველოს იმჟამინდელმა პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, მისცა. 

კომენტარები