მეუფე პეტრე: იაკობი არაადეკვატურად ბოდავს, ფაქტია, ციანიდის საქმეში გამოიყენეს

ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა პეტრემ, ტელეკომპანია მთავართან ინტერვიუში კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ქორეპისკოპოსის ბრალდებებს ბოდვა უწოდა.

"ვერ შევაფასებ არაადეკვატური ადამიანის ბოდვას, ვერ წავალ მის სიღრმეებში. მაგრამ, რა თქმა უნდა, ამას შემთხვევით არ იტყოდა, აუცილებლად ექნება ამას თავისი ქვეტექსტი. როგორც წმინდა მამები გავსწავლიან, ბოროტი თავისი უგუნურობით ღვთის სამსახურშიაო - თუ ასე იფიქრა, რა თქმა უნდა, მან თვითონ გაითხარა ამ კუთხით სულიერად სამარე", - განაცხადა მეუფე პეტრემ.

მეუფე პეტრე ქორეპისკოპოს იაკობის იმ ბრალდებებს გამოეხმაურა, რომელთა მიხედვითაც, დეკანოზ გიორგი მამალაძესთან ერთად ილია II-ის მკვლელობას ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებულ ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი, სახელისუფლებო პირები და თავად მეუფე პეტრე გეგმავდნენ.

"ის, რომ "ციანიდის საქმეში" თავად ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, ფაქტობრივად ის ხელისუფლებამაც გამოიყენა ძალიან ბინძურად და საპატრიარქოს გარკვეულმა ჯგუფმაც. ამიტომ ეს შეიძლება, როგორც გაბოროტებული კაცის მდგომარეობად ჩაითვალოს", - თქვა მეუფე პეტრემ.

ცნობისთვის, 26 ოქტომბერს, ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა თქვა, რომ ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა, ე.წ ციანიდის საქმეში ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე, სახელისუფლებო პირები და "ზოგიერთი ბიზნესმენი", მათ შორის ვანო ჩხარტიშვილი პატრიარქ ილია II-ის მკვლელობას გეგმავდნენ, ამასთან ერთად, მისივე თქმით, იგეგმებოდა კათალიკოზ ილიას ტახტიდან გადადგომა და მისი მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის, შიო მუჯირის საპატრიარქო ტახტზე აღსაყდრება.  

პატრიარქის ვიკარიუსის თქმით, ექსპრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, თანამდებობაზე ყოფნის დროს, მას შეხვედრაზე დაუძახა, რომელსაც ეპისკოპოსის ინფორმაციით, ასევე ესწრებოდნენ მოქმედი პრემიერმინისტრი და მაშინდელი ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია და მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრი და მაშინდელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ვახო გომელაური. მეუფე იაკობი ყვება, რომ სახელმწიფო პირები მას "ეჩალიჩებოდნენ", რომ პატრიარქი ილია II გადაეყენებინათ და მის ნაცვლად პატრიარქის მოსაყდრე შიო ახალ პატრიარქად აერჩიათ. ეპისკოპოსის თქმით, ე.წ ციანიდის საქმე ამ შეხვედრამდე იყო დაგეგმილი და ამაში სახელმწიფო იყო ჩარეული.

საპატრიარქოში მეუფე იაკობის განცხადებებზე კომენტარს ჯერ არ აკეთებენ.

კომენტარები