ოკუპაცია

გომელაური: სადაც ოსურ-რუსული მხარე მავთულხლართებს ავლებს, ეგ ტერიტორიები 2008 წელს დავკარგეთ

ტაბულა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის თქმით, ტერიტორიები სადაც ახლა ოკუპანტები მავთულხლართებს ავლებენ, საქართველომ 2008 წელს დაკარგა და იმის თქმა, რომ ახალ ტერიტორიებს ვკარგავთ, არასწორია. 

"გაავლებენ ხოლმე 100 მეტრზე ღობეს, ოსურ-რუსული მხარე და დაიწყება საუბარი იმაზე, რომ სახელმწიფომ დაკარგა კიდევ ახალი ტერიტორიები. ეს ტერიტორიები ჩვენ დავკარგეთ 2008 წლის ომის შემდეგ. ეს ალბათ კარგად უნდა აიხსნას და შეიძლება, მთავრობის ასახნელიც არის ალბათ," - ამბობს გომელაური.

მინისტრის თქმითვე, საოკუპაციო ხაზთან ვითარება გამწვავებული არ არის.

"ახლა სადაც ღობე არ არის გავლებული გადავდივართ? ვხნავთ ან ვთესავთ? მივდივართ ნათესავებთან? ვერ მივდივართ! ღობე იქნება თუ რუსული ჯარი იდგება და არ შეგვიშვებენ, ჩემთვის ერთი და იგივეა. სამწუხაროა, ღობე რომ ივლება და გამყოფ ხაზს აკეთებენ, მაგრამ იმაზე საუბარი, რომ დღეს დაკარგა საქართველომ კიდევ 500 მეტრი ტერიტორია, არასწორია. ეს დაკარგულია 2008 წლის შემდეგ," - თქვა გომელაურმა.

შს მინისტრი ოკუპანტების მიერ დამკვირვებლების დაკავებასაც გამოეხმაურა და თქვა, რომ ძალიან ცუდი ფაქტი იყო. 

"რატომღაც ყოველთვის პრობლემა აქვთ ხოლმე პრესას, მოქალაქეებს, რატომ არ გვიშვებთ? შევალთ. ეს პრობლემაა, შეიძლება დააკავონ, გადაიყვანონ. ვნახეთ, რომ ისინი არ ერიდებიან ევროკავშირის დამკვირვებლებსაც, რომლებიც დააკავეს."

2012 წელს ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, რუსმა ჯარისკაცებმა საოკუპაციო ხაზი არაერთხელ გადმოსწიეს, რის შედეგადაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს არაერთი მოქალაქის კუთვნილი მიწა მოექცა. ასევე, ე.წ საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით საკუთარი სასოფლო-სამეურნეო მიწიდან იტაცებენ ადგილობრივ მცხოვრებლებს. 

ერთერთი ასეთი შემთხვევა გორის სოფელ გუგუტიანთკარში ოკუპანტებმა 15 აგვისტოს, მოხდა, როცა რუსმა ოკუპატნებმა საოკუპაციო ხაზი გადმოსწიეს, რის შედეგადაც ორი ოჯახის - რაზმაძეების და გუგუტიშვილების სახლები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვდა. საოკუპაციო ძალებმა სოფელში მავთულხლართებისა და ძელების მონტაჟი აგვისტოს ომიდან მე-11 წლისთავზე, 7 აგვისტოს დაიწყეს.

ასევე, გუგუტიანთკარიდან გაიტაცეს საქართველოს 8 მოქალაქე. მათი გათავისუფლება რამდენიმე დღის შემდეგ მოხერხდა. 

ორი დღის წინ კი ოკუპანტებმა დამკვირვებლები დააკავეს. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცნობით, შეუიარაღებელი სამოქალაქო დამკვირვებლები ჩორჩანა-წნელისის ტერიტორიაზე პატრულირების დროს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ უსაფრთხოების შეიარაღებულმა პირებმა დროებით დააკავეს. როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გავრცელებულ განცხადებაში წერდა, შემთხვევა 24 ოქტომბერს, შუადღით საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხდა.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. КГБ-მ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თანამშრომლების ფოტოები გაავრცელა. ოკუპირებული ცხინვალი ირწმუნება, რომ მისიის წარმომადგენლებმა ე.წ. საზღვარი გადაკვეთეს.

 

კომენტარები