ანაკლიის პორტი

ანაკლიის კონსორციუმი: Conti-ს პორტის პროექტში უკვე $5.5 მილიონის ინვესტიცია აქვს ჩადებული

ლევან ახვლედიანი

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ახვლედიანი ამბობს, რომ ამერიკულმა "კონტი ჯგუფმა", რომელმაც პროექტში დარჩენა გადაწყვიტა, პორტში უკვე ჩადო დაახლოებით 5.5 მილიონ დოლარიანი ინვესტიცია.

15 აგვისტოს გარცელდა ინფორმაცია, რომ "კონტი ჯგუფი", რომელიც კონსორციუმის წილების 42%-ს ფლობს, პროექტიდან გასვლას აპირებდა.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმში ამბობდნენ, რომ კომპანიის პროექტიდან გასვლის მიზეზი მთავრობის მხარდაჭერის ნაკლებობის გამო გაჩენილი უკმაყოფილება იყო.

"გარკვეულ პერიოდამდე ისინი ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართულები პროექტში და აფინანსებთან პროექტის მიმდინარე ხარჯებსაც. რაღაც მომენტის მერე მათ თქვეს, რომ თავს შეიკავებდნენ," - აცხადებს ახვლედიანი.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის მიერ დღეს, 25 ოქტომბერს გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკული Conti International გადაწყვეტილებას ცვლის და პროექტიდან აღარ გადის.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა ისიც, რომ პროექტში ერთვება ნიდერლანდური კომპანია Van Oord. 28 ოქტომბრამდე კი მთავრობამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება კიდევ ერთ კომპანიასთან, ყაზახურ Meridian Capital Ltd.-სთან დაკავშირებით.

კომენტარები