რუსული ოკუპაცია

საგარეო: ხელის შეშლა მიუღებელია, EUMM მონიტორინგის ერთადერთი საერთაშორისო, ქმედითი მექანიზმია

საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, ვლადიმერ კონსტანტინიდის განცხადებით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობისათვის ხელის შეშლა მიუღებელია. კონსტანტინიდი ჩორჩანა-წნელისის ტერიტორიაზე EUMM-ის დამკვირვებლების დაკავებას გამოეხმაურა.

"ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორების უკანონო დაკავება წარმოადგენს ადგილზე მშვიდობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, რომელიც საქართველოში 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ განთავსდა, ემსახურება უმნიშვნელოვანეს ამოცანას - 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების მონიტორინგსა და ადგილზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ხელშეწყობას. შესაბამისად, მიუღებელია მისი საქმიანობისთვის ხელის შეშლა, რამდენადაც ის წარმოადგენს მონიტორინგის ერთადერთ საერთაშორისო და ქმედით მექანიზმს და იძლევა ობიექტურ ინფორმაციას საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებაზე", - განაცხადა კონსტანტინიდმა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, მომხდარს განიხილავენ დღეს, საქართველო-ევროკავშირის მაღალი დონის სტრატეგიულ შეხვედრაზე.

"სხვა საკითხებთან ერთად, დღის წესრიგშია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები. ქართული მხარე ასევე მკაცრად დასვამს საკითხს დღეს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების მორიგ შეხვედრაზე", - აღნიშნა კონსტანტინიდმა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცნობით, შეუიარაღებელი სამოქალაქო დამკვირვებლები ჩორჩანა-წნელისის ტერიტორიაზე პატრულირების დროს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ უსაფრთხოების შეიარაღებულმა პირებმა დროებით დააკავეს. როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გავრცელებულ განცხადებაში წერს, შემთხვევა 24 ოქტომბერს, შუადღით საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხდა.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. КГБ-მ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თანამშრომლების ფოტოები გაავრცელა. ოკუპირებული ცხინვალი ირწმუნება, რომ მისიის წარმომადგენლებმა ე.წ. საზღვარი გადაკვეთეს.

კომენტარები