გასაუბრება მოსამართლეობის კანდიდატებთან

ფაფიაშვილი: უგულავას და კაბელების საქმეებზე ხელისუფლების ინტერესი არ ყოფილა

პარლამენტი

უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატი, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, ლალი ფაფიაშვილი ფიქრობს, რომ გახმაურებულ საქმეებზე - გიგი უგულავას და ე.წ კაბელების საქმეების სარჩელებზე საკონსტიტუციო სასამართლოში ხელისუფლების ინტერესი არ ყოფილა.

ფაფიაშვილს, რომელსაც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უსმენენ, ევროპული საქართველოს წევრმა, ოთარ კახიძემ ჰკითხა, რომელი საქმეები იწვევდა ხელისუფლების უკმაყოფილებას.

ფაფიაშვილმა უპასუხა: "საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებზე ზემოქმედება დამოუკიდებლობს თვალსაზრისით არც ისეთი იოლია, იმიტომ რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს აქვთ დამოუკიდებლობის ყველაზე მაღალი გარანტიები, რაც კი შეიძლება არსებობდეს. ამიტომ, ხელისუფლების მხრიდან ზემოქმედების მცდელობა იქნება თუ არა, პრაქტიკულად შეუძლებელია [ეს მოხდეს]".

ოთარ კახიძემ გაიხსენა საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის 2016 წლის 21 ივლისს გაკეთებული განცხადება, რომელიც ზოგიერთ მოსამართლეზე ზეწოლას ეხებოდა.

"ბოლო პერიოდისა და ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარეობს ძაან მიზანმიმართული ზეწოლა ცალკეულ მოსამართლეებზე, რაც გამოიხატება მათ ფარულ თვალთვალში, მათი ოჯახის წევრებისა და ახლო ნათესავების კომერციული საქმიანობის მიზანმიმართულ შევიწროებაში, დაშანტაჟებაში, რომ მათი ახლო ნათესავები დაკავებულები იქნებიან სხვადასხვა საბაბით, აგრეთვე პირადი ხასიათის ინფორმაციის, ფალსიფიცირებული, ძირითადად, მაგრამ შეიძლება გასაჯაროვდეს, რომლებიც დაკავშირებულია მოსამართლეების პირად ცხოვრებასთან. ყველა ეს საქმე დაკავშირებულია მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე, რომლებიც განიხილება ახლა სასამართლოში", - წერდა მაშინ გიორგი პაპუაშვილი.

2016 წლის 2 აგვისტოს ლალი ფაფიაშვილმა გიგი უგულავას და ე.წ. „კაბელების საქმის“ განხილვის გადადების შუამდგომლობა დააყენა. მას საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები ოთარ სიჭინავა, ზაზა თავაძე და მერაბ ტურავა დაეთანხმნენ. ისინი თვლიდნენ, რომ „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის“ მქონე საქმის განხილვა მანამ უნდა შეწყდეს, სანამ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე განხორციელებულ შესაძლო ზეწოლასთან დაკავშირებით პროკურატურის დასკვნა არ იქნებოდა. მათი განმარტებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მუდმივად იქნება ეჭვები არაობიექტურ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით.

"კაბელების საქმესთან დაკავშირებით ვერ ვიტყოდი, რომ აქ იყო ხელისუფლების მხრიდან რამე ნეგატიური დამოკიდებულება. ვფიქრობ, რომ გარეშე პირების მხრიდან უფრო ხორციელდებოდა გარკვეული ზემოქმედების მცდელობა. პროცესში მონაწილე მხარეების მხრიდან", - თქვა დღეს ლალი ფაფიაშვილმა კახიძის კითხვის პასუხად.

ოთარ კახიძე: კაბელების და უგულავას საქმესთან დაკავშირებით არ ყოფილა ხელისუფლების ინტერესი?

ლალი ფაფიაშვილი: არა.

ფაფიაშვილის თქმით, მათ საქმის განხილვის გადადება მოითხოვეს იმის გამო, რომ პაპუაშვილმა მაშინ განცხადება საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებთან შეთანხმების გარეშე გაავრცელა.

"როდესაც ასეთი გახმაურებული პროცესის წინ, იმ მოცემულობაში, როცა სასამართლოს ყველა წევრი სასამართლოში იმყოფება, სასამართლოს წევრებთან კონსულტაციის გარეშე და მათთვის ინფორმაციის მიწოდების გარეშე ასეთი ტიპის განცხადება კეთდება, ეს სერიოზულ კითხვებს აჩენს სასამართლოს ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით", - თქვა ფაფიაშვილმა.

ლალი ფაფიაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის რიგით მე-15 კანდიდატია, რომელსაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტი უსმენს. პარლამენტის წინაშე სულ 20 კანდიდატი წარდგება. ისინი უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლის 20 ვაკანტური ადგილისთვის იბრძვიან. 

კომენტარები