ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი

ცხინვალის დე ფაქტო КГБ: ქართული მხარე "საზღვართან" ფართომასშტაბიან პროვოკაციას ამზადებს

COMINF

ცხინვალის დე ფაქტო КГБ-ს განცხადებით, ქართული მხარე "საზღვართან" ფართომასშტაბიან პროვოკაციას ამზადებს. პრესცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ოკუპირებულ სოფელ წნელისთან განთავსებული საგუშაგო და ქართული უსაფრთხოების სამსახურის ქმედება სამხედრო საფრთხის რისკს ზრდის და, მათივე ინფორმაციით, შესაძლოა, ღია შეიარაღებული კონფლიქტის მიზეზიც გახდეს. 

"КГБ-ს მიერ მიღებული ინფორმაციით, ქართველი პროვოკატორები არ წყვეტენ რევანშისტულ მისწრაფებებს და სამხრეთ ოსეთ-საქართველოს საზღვარზე არასტაბილურობის კერას ქმნიან. ბოლო ორი თვის განმავლობაში საქართველოს სპეცსამსახურები დეზინფორმაციას ავრცელებენ და შეცდომაში შეჰყავს არა მხოლოდ ქართველი მოსახლეობა, არამედ საქართველოს პოლიტიკური ლიდერები",-თქვა ცხინვალის დე ფაქტო КГБ-ს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, ეკატერინა ბიაზროვამ.  

ბიაზროვას თქმით, ქართული მხარე ქმედებებს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. მესაზღვრეების "არარსებული მუქარითა" და მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვით ხსნის. ბიაზროვა ამბობს, რომ საქართველომ ინფორმაციის ვაკუუმი შექმნა და რეგიონში არსებული რეალური სურათი დაამახინჯა.

"სოფელ კოდაში, კობში, აბანოში, წაღვლსა და ატოცში არსებულ საზღვართან საქართველო ზღუდავს ქართველი აქტივისტების, მედიის წარმომადგენლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების გადაადგილებას, რათა თავიდან აიცილონ იქ არსებული სიტუაციის ობიექტური შეფასება. სამხრეთ ოსეთის დასახლებასთან ქართული საგუშაგოებისა და პოლიციელების ყოფნა სამხედრო საფრთხის რისკებს ზრდის, რამაც შესაძლოა, შეიარაღებული შეტაკება გამოიწვიოს,"-ამბობს ბიაზროვა.  

19 ოქტომბერს ქარელის რაიონის სოფელ ატოცთან საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საოკუპაციო ხაზის გავლების სამუშაოები განაახლეს. საოკუპაციო ხაზის გავლება ქარელის რაიონის სოფელ ატოცში ოკუპანტებმა გასულ წელს დაიწყეს, თუმცა გარკვეული პერიოდის განმავლობაში ეს პროცესი შეჩერებული იყო. 

11 სექტემბერს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებთან, სოფელ ჩორჩანასა და წაღვლის მახლობლად საგუშაგოებს აგებდნენ, რითაც ალყაში ექცეოდა ქართული საგუშაგო.

30 აგვისტოს ქართულმა მხარემ ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მთავრობის ულტიმატუმი არ შეასრულა - საგუშაგო ხაშურის სოფელ ჩორჩანასთან არ დაშლილა.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობამ ქართულ მხარეს ულტიმატუმი 29 აგვისტოს წაუყენა, მას შემდეგ, რაც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა ჩაიშალა. დე ფაქტო წარმომადგენლობის თქმით, თუ ქართული მხარე დილის 6 საათამდე "სოფელ წნელისში პოლიციის საგუშაგოს არ აიღებდა, ისინი კანონის ფარგლებში მოიქცეოდნენ".

სოფელი წნელისი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა მოქცეული, საგუშაგო კი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, ხაშურის სოფელ ჩორჩანაში აიგო. საოკუპაციო რეჟიმი მიზანმიმართულად ავრცელებდა ცრუ ინფორმაციას.

კომენტარები