პაატა სილაგაძის მოსმენა

უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატმა არ იცის, როგორ დახარჯა შემოსავალზე 52 000 ლარით მეტი

2016 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატმა პაატა სილაგაძემ 2015 წელს 52 ათასი ლარით მეტი დახარჯა, ვიდრე შემოსავალი ჰქონდა. კანდიდატი ვერ პასუხობს კითხვას თუ  საიდან გაჩნდა მის შემოსავალსა და გასავალს შორის 52 ათა ლარიანი სხვაობა.

სილაგაძეს კითხვა ამის შესახებ ევროპული საქართველოს წევრმა ხათუნა გოგორიშვილმა დაუსვა. გოგორიშვილმა მას შეახსენა, რომ ამ წელს თბილისში ორი ბინა იყიდა და შემოსავლისა და გასავლის დათვლის დროს მან კრედიტებიც გაითვალისწინა და დოლარში მისი შემოსავალიც იმდროინდელი კურსით იანგარიშა, თუმცა განსხვავება მაინც 52 ათას ლარზე მეტია. 

"ხომ არ დაგავიწყდათ და ვინმემ ხომ არ გაჩუქათ თანხა, მაგალითად თქვენმა ძმამ ან ვინმემ სხვამ. შეიძლება ვინმემ გაჩუქათ და ტექნიკური შეცდომაა და არ ჩაგიწერიათ დეკლარაციაში?" - კითხა მას გოგორიშვილმა. 

კანდიდატი ამბობს, რომ არ იცის, როგორ დახარჯა 52 ათასი ლარით მეტი, ვიდრე შემოსავალი ჰქონდა.

"შეიძლება შეცდომაა რამე, არ ვიცი, არავი უჩუქებია არაფერი."

 

პაატა სილაგაძე სააპელაციო  სასამართლოს უვადო მოსამართლეა და მას უზენაეს სასამართლოში უვადოდ დანიშვნა სურს. 

პარლამენტში უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა გრძელდება. 

პაატა სილაგაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის რიგით მე-13 კანდიდატია, რომელსაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტი უსმენს. პარლამენტის წინაშე სულ 20 კანდიდატი წარდგება. ისინი უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლის 20 ვაკანტური ადგილისთვის იბრძვიან. 

კომენტარები