რუსთავი 2-ის საქმე

სასამართლომ აქიმიძე-დვალის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და R2-ის 60%-იანი წილი დააყადაღა

თბილისის საქალაქო სასამართლომ დავით დვალის და ჯარჯი აქიმიძის სარჩელი წარმოებაში მიიღო. ადვოკატ კახა კოჟორიძის თქმით, სასამართლომ დააკმაყოფილა მათი შუამდგომლობა და ტელეკომპანიის 60%-იანი წილი დააყადაღა.

რუსთავი 2-ის დამფუძნებლებმა დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ ტელეკომპანიის დასაბრუნებლად ახალი დავა რამდენიმე დღის წინ დაიწყეს. მათ სასამართლოში სამოქალაქო სარჩელი შეიტანეს. დვალი-აქიმიძის ინტერესებს ადვოკატი კახა კოჟორიძე იცავს.

კახა კოჟორიძის განმარტებით, გამოიყენებენ იმ სამართლებრივ არგუმენტებს, რომლებსაც ქიბარ ხალვაშის სარჩელის დაკმაყოფილების დროს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა დაეყრდნო.

"როგორც იურისტი, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ სამართლებრივ საკითხებზე, რაზეც ამ სარჩელთან დაკავშირებით გაჩნდება კითხვები, პასუხებს ვიპოვით უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებაში. ეს არის და იქნება ზუსტად ის შემთხვევა, როცა ქიბარ ხალვაშის არგუმენტები გამოყენებული იქნება ზუსტად მის წინააღმდეგ", - ამბობს კოჟორიძე.

18 ივლისის გადაწყვეტილებით, ევროსასამართლომ რუსთავი ორის საქმეზე დარღვევა არ დაადგინა. იმავე დღეს, საჯარო რეესტრმა რუსთავი ორის წილები ქიბარ ხალვაშს გადაუფორმა. ასევე, ახალი მფლობელის მოთხოვნით არხის გენერალური დირექტორის პოსტიდან გადააყენა ნიკა გვარამია და მის ნაცვლად, ხალვაშის ადვოკატი, პაატა სალია დანიშნა. 

ქიბარ ხალვაშმა ევროსასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ თქვა, რომ მან დავით დვალის და ჯარჯი აქიმიძის სახელითაც გაიმარჯვა. მისივე თქმით, მაქსიმალურად გაითვალისწინებდა რუსთავი ორის დამფუძნებლების ინტერესებს. 30 ივლისის შეხვედრაზე ხალვაშმა რუსთავი ორის დამფუძნებლებს ტელეკომპანიის 40%-იანი წილი შესთავაზა, რაც დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს არ სურთ. მათ პარლამენტში თქვეს, რომ სჭირდებათ რეალური ბერკეტი და ტელეკომპანიის დამოუკიდებლობის გარანტია.

2017 წელს ქიბარ ხალვაში საჯაროდ ამბობდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსთავი 2-ის მფლობელობასთან დაკავშირებით დავას მოიგებდა, ის წილების 50%-ს დვალსა და აქიმიძეს მისცემდა, დავით დვალს კი, გენერალურ დირექტორად დანიშნავდა. კითხვაზე, რა შეიცვალა 2017 წლის შემდეგ, ის პასუხობს - "მე შევიცვალე, ორი წლით უფროსი გავხდი".

"რატომ გინდათ, თუ თვლით, რომ მე ჩემი მატერიალური ქონება უნდა გადავანაწილო და ვიღაცას მივცე?" - კითხულობს ხალვაში. 

კომენტარები