ჩილე

ჩილეში საპროტესტო აქციებთან დაკავშირებულ ინციდენტებს 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

AFP

ჩილეში მიმდინარე არეულობის ფონზე დედაქალაქ სანტიაგოსთან ახლოს მდებარე ტანსაცმლის ფაბრიკის გაქურდვა სცადეს და მას ცეცხლი წაუკიდეს. ხანძარს 5 ადამიანი ემსხვერპლა.

ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ აქციების დაწყებიდან ძალადობის 70 სერიოზული ინციდენტი დაფიქსირდა, მათ შორის სუპერმარკეტების და სხვა ბიზნესების ძარცვის 40 შემთხვევა. პროტესტთან დაკავშირებული ინციდენტების შედეგად ჯამში 7 ადამიანი დაიღუპა.

სანტიაგოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და მოსალოდნელია, რომ ეს სხვა ქალაქებზეც გავრცელდება. რამდენიმე ქალაქში უკვე შემოღებულია კომენდატის საათი.

ქვეყანაში საპროტესტო აქციები მეტროზე ფასების ზრდას მოჰყვა და ზოგადად ცხოვრების ფასისა და უთანასწორობის წინააღმდეგ აქციებში გადაიზარდა. მომიტინგეებმა დაწვეს ავტობუსები, დააზიანეს მეტროს სადგურები, მოხდა შეტაკებები პოლიციასთან. პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი. ქვეყნის მასშტაბით დააკავეს 1,400 ადამიანი. პოლიციასთან დაპირისპირების შემდეგ ცეცხსლასროლი ჭრილობით საავადმყოფოში გადაიყვანეს ორი ადამიანი.

ქუჩებში მობილიზებულა 10,000-ზე მეტი პოლიციელი და სამხედრო.

კომენტარები