ოკუპაცია

სუს: საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ატოცთან, სადაც დილით გამოჩნდნენ, არ არიან

ტაბულა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ამ დროის ინფორმაციით, ქარელის სოფელ ატოცთან საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები არ არიან. 

ქარელის რაიონის სოფელ ატოცთან საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დღეს, 19 ოქტომბერს, საოკუპაციო ხაზის გავლების სამუშაოები განაახლეს. 

ადგილობრივი მოსახლეობის ცნობით, რუსმა სამხედროები 19 ოქტომბრის დილას გამოჩნდნენ. მათ უკვე არსებულ რკინის ძელებზე დასამონტაჟებლად ლითონის ბადეები მიიტანეს.

ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა გულიაშვილმა სააგენტო ინტერპრესნიუსს უთხრა, რომ ხსენებული ბოძები რამდენიმე თვის წინ, დაახლოებით 500 მეტრიან მონაკვეთზეა დამონტაჟებული.

უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ "რუსეთის საოკუპაციო ძალები აგრძელებენ პროვოკაციულ ქმედებებს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ". სუს-ის ცნობით, გააქტიურებულია „ცხელი ხაზი“ და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

საოკუპაციო ხაზის გავლება ქარელის რაიონის სოფელ ატოცში ოკუპანტებმა გასულ წელს დაიწყეს, თუმცა გარკვეული პერიოდის განმავლობაში ეს პროცესი შეჩერებული იყო.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სოფელ ატოცში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი.

კომენტარები