ოკუპაცია

ბოკერია ატოცზე: საჭიროა ზეწოლა რუსეთზე, საზიანოა, რომ მთავრობა ამ ნაბიჯებს არ დგამს

გიგა ბოკერია

გიგა ბოკერიას თქმით, აუცილებელია, საქართველომ საერთაშორისო ასპარეზზე იმუშაოს, რათა მოხდეს რუსეთის სანქცირება იმისთვის, რასაც საქართველოში აკეთებდა და აკეთებს. 

ევროპული საქართველოს ლიდერის თქმით, სამწუხარო და საზიანოა, რომ საქართველოს მთავრობა ამ ნაბიჯებს არ დგამს. 

"პირდაპირი აგრესიის გაგრძელება რუსეთისგან საქართველოს წინააღმდეგ. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი თუ რატომ არის საჭირო საერთაშორიო ზეწოლა რუსეთზე, რომ ფასი ჰქონდეს მისთვის ნებისმიერ აგრესიულ ნაბიჯს. ამიტომ არის ძალიან სამწუხარო და ძალიან საზიანო, რომ საქართველოს მთავრობა ამ ნაბიჯებს არ საერთაშორისო ასპარეზზე. გახსოვთ, გვქონდა დისკუსია, რომ უნდა მოხდეს რუსეთის სანქცირება იმის გამო, რასაც საქართველოში აკეთებდა და აკეთებს", - თქვა ბოკერიამ რუსთავი 2-თან. 

ქარელის რაიონის სოფელ ატოცთან საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დღეს, 19 ოქტომბერს, საოკუპაციო ხაზის გავლების სამუშაოები განაახლეს. 

ადგილობრივი მოსახლეობის ცნობით, რუსმა სამხედროები 19 ოქტომბრის დილას გამოჩნდნენ. მათ უკვე არსებულ რკინის ძელებზე დასამონტაჟებლად ლითონის ბადეები მიიტანეს.

ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა გულიაშვილმა სააგენტო ინტერპრესნიუსს უთხრა, რომ ხსენებული ბოძები რამდენიმე თვის წინ, დაახლოებით 500 მეტრიან მონაკვეთზეა დამონტაჟებული.

განცხადება გაავრცელა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც. მასში აღნიშნულია, რომ "რუსეთის საოკუპაციო ძალები აგრძელებენ პროვოკაციულ ქმედებებს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ".

სუს-ის ცნობით, გააქტიურებულია „ცხელი ხაზი“ და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

საოკუპაციო ხაზის გავლება ქარელის რაიონის სოფელ ატოცში ოკუპანტებმა გასულ წელს დაიწყეს, თუმცა გარკვეული პერიოდის განმავლობაში ეს პროცესი შეჩერებული იყო.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სოფელ ატოცში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი.

კომენტარები