სირია

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად ჩრდილოეთ სირიაში ბრძოლები გრძელდება

Reuters

გუშინ თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის შეხვედრისას მიღწეული ცეცხლის შეწყვეყის შეთანხმების მიუხედავად ჩრდილოეთ სირიაში ბრძოლები გრძელდება. კვლავ ისმის სროლის და აფეთქების ხმა.

დრონები და თვითმფრინავები კვლავ დაფრინავენ ქალაქ რას ალ-აინის თავზე. გრძელდება შეტაკებები სირიის დემოკრატიულ ძალებსა და თურქეთის მიერ მხარდაჭერილ სირიელ ამბოხებულებს შორის.

შეთანხმების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა სირიის დემოკრატიული ძალების ლიდერმა გენერალმა მაზლუმმა. მან ადგილობრივ ტელევიზიასთან საუბარში თქვა, რომ მიუხედავად ამისა, ქალაქ თელ აბიადსა და რას ალ-აინს შორის ბრძოლები კვლავ გრძელდება.

"ჩვენს ხალხს ეს ომი არ სურდა. ჩვენ მივესალმებით ცეცხლის შეწყვეტას, მაგრამ ჩვენ თავს დავიცავთ იმ შემთხვევაში, თუ თავს დაგვესხმებიან. ცეცხლის შეწყვეტა ერთია და დანებება მეორე. ჩვენ მზად ვართ თავი დავიცვათ. ჩვენ არ შევეგუებით ჩრდილოეთ სირიის ოკუპაციას." თქვა ქურთმა პოლიტიკურმა ლიდერმა სალიჰ მუსლიმ მუჰამედმა.

მაიკ პენსმა გუშინ თქვა, რომ სირიის დემოკრატიული ძალების მებრძოლები თურქეთის შემოთავაზებული 32-კილომეტრიანი უსაფრთხო ზონიდან სამხრეთით დაიხევენ.

"120 საათიანი პაუზა იქნება, რა დროსაც აშშ ზედამხედველობას გაუწერვს ქურთისტანის სახალხო შენაერთების გასვლას. როდესაც ეს დამთავრდება, თურქეთი თანახმაა ცეცხლის პერმანენტულად შეწყვეტაზე." თქვა პენსმა.

ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ აშშ-ის მხარის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ უსაფრთხო ზონას თურქეთი გააკონტროლებს. ამ ზონაში შევა მნიშვნელოვანი ქურთული ქალაქები და მაგისტრალი. კითხვაზე, არის თუ არა ეს ქურთების მეორედ მიტოვება, პენსმა პასუხი არ გასცა.

შეხვედრის შემდეგ ერდოღანმა საკუთარ ტვიტერზე დაწერა, რომ თურქეთისა და აშშ-ის ერთობლივი ძალისხმევა მშვიდობას და სტაბილურობას მოიტანს:

"ბატონო პრეზიდენტო, უფრო მეტი სიცოცხლე გადარჩება, როდესაც ტერორიზმს დავამარცხებთ, რომელიც კაცობრიობის მთავარი მტერია. მჯერა, რომ ერთობილივი ძალისხმევა ჩვენს რეგიონში მშვიდობას და სტაბილურობას მოიტანს." ასე უპასუხა ერდოღანმა ტრამპს ტვიტერზე.

"თურქეთიდან დიდებული სიახლე გვაქვს. მალე, პრესკონფერენცია ვიცე პრეზიდენტ პენსთან და სახელმწიფო მდივან პომპეოსთან ერთად. ერდოღან, მადლობა! მილიონობით სიცოცხლე გადარჩება". დაწერა ტრამპმა პენსის და ერდოღანის შეხვედრის დასრულების შემდეგ.

უსაფრთხო ზონის ზუსტი მასშტაბები ჯერ-ჯერობით არ დაუკონკრეტებიათ. ასევე არ უხსენებიათ ტერიტორიაზე მყოფი სირელი და რუსი სამხედროები. მოსალოდნელია, რომ სწორედ ამას განიხილავენ ერდოღანი და პუტინი 22 ოქტომბერს სოჭში შეხვედრისას.

შეგახსენებთ, რომ თურქეთმა ოპერაცია გასულ კვირას დაიწყო, მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ამ ტერიტორიიდან ამერიკელი ჯარისკაცები გაჰყავდა. ერდოღანმა თქვა, რომ ოპერაცია ე.წ. ისლამური სახელმწიფოს და ქურთისტანის სახალხო დაცვის კავშირის/ქურთისტანის მუშათა პარტიის წინააღმდეგ იყო მიმართული.

მძიმე დარტყმები მიიღეს სირიის დემოკრატიულმა ძალებმა, რომელიც ქურთ და არაბ მებრძოლებს აერთიანებს. ოპერაციის დაწყებიდან დაიღუპა ათობით მშვიდობიანი მოქალაქე. 160,000-ზე მეტ ადამიანს სახლების მიტოვება მოუხდა. არეულობის გამო ციხეებიდან და ბანაკებიდან გაიქცა ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან დაკავშირებული 500-ზე მეტი ადამიანი.

ჩრდილოეთ სირიაში, ქალაქ მანბიჯთან რუსი ჯარისკაცები სირიისა და თურქეთის ძალებს შორის პატრულირებენ. მანბიჯს ასადის რეჟიმის ძალები აკონტროლებენ, რომელსაც რუსეთი უჭერს მხარს.

სირიის დემოკრატიულმა ძალებმა აშშ-ის ამ გადაწყვეტილების შემდეგ შეთანხმებას ასადის რეჟიმთან მიაღწიეს, რის შემდეგაც ასადმა სირიის ჩრდილოეთით სირიის არმია გაგზავნა. სირიის დემოკრატიული ძალების ლიდერი მაზლუმ აბდი ამბობს, რომ ასადის მთავრობასთან და მათ რუს მოკავშირეებთან თანამშრომლობა მათთვის მტკივნეული კომპრომისია.

ტრამპმა თურქეთის სამხედრო ოპერაციის პასუხად ანკარას ცეცხლის შეწყვეტისაკენ მოუწოდა და სანქციები დაუწესა. სანქციების ქვეშ მოყვა თურქეთის თავდაცვისა და ენერგეტიკის მინისტრები, ასევე გენშტაბის უფროსი ჰულუსი აკარი და თურქეთის მმართველი პარტიის მეორე პირი, სულეიმან სოილუ.

თურქეთი ქურთულ სახალხო დაცვის შენაერთებს, რომლებიც სირიის დემოკრატიული ძალების დიდ ნაწილს შეადგენენ, ქურთისტანის მუშათა პარტიის ნაწილად მიიჩნევს და შესაბამისად ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებს.

მიუხედავად იმისა, რომ თურქეთმა ბოლო წლებში არაერთი სამხედრო ოპერაცია განახორციელა სირიის ტერიტორიაზე, ამ დრომდე რეგიონში, სადაც ამერიკული ძალები სირიის დემოკრატიულ ძალებთან და მასში შემავალ ქურთულ დანაყოფებთან ერთად იყო განთავსებული სამხედრო მოქმედებებისაგან თავს იკავებდა.

თურქეთის მთავრობაში ამბობენ, რომ ოპერაცია სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით უსაფრთხო ზონის შექმნას და ტერორისტული ელემენტებისაგან მის გაწმენდას გეგმავს, რათა სირიელი მიგრანტების დაბრუნება გახდეს შესაძლებელი.

ამჟამად თურქეთს 3.6 მილიონი სირიელი აფარებს თავს. ერდოღანს სურს, რომ მათგან 2 მილიონი უსაფრთხო ზონებში დააბრუნოს.

კომენტარები