აფგან მუხთარლის საქმე

ლილუაშვილი: მუხთარლი რომ იჯდეს გლდანის ციხეში, გამოძიება უფრო ეფექტური იქნებოდა

აფგან მუხთარლი რომ იჯდეს გლდანის ციხეში, უფრო ეფექტური გამოძიება, უფრო მოქნილი საინფორმაციო ველი გვექნებოდა სახეზე - ასე უპასუხა მთავრობის მიერ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე წარდგენილმა კანდიდატმა გრიგოლ ლილუაშვილმა ევროპული საქართველოს დეპუტატ თენგიზ გუნავას, რომელმაც ჰკითხა, რას ფიქრობს ის მუხრთალის საქმეზე და მიაჩნია თუ არა, რომ გამოძიება ეფექტურად მიმდინარეობს. 

ლილუაშვილის თქმით, ის გამოძიების შესახებ სრულ ინფორმაციას არ ფლობს. 

"დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, რადგან არ ვიცი გამოძიების შედეგად რა სცენარი გამოიკვეთება და ვის რა ჩვენება აქვს მიცემული, რა თქმა უნდა, არ ვიცით, შესაბამისად, ჩემი პასუხი იქნება არაკომპეტენტური, ამ შემთხვევაში"-თქვა მან. 

ის ამბობს, რომ იმისათვის, რომ გამოძიება წარმატებით ჩატარდეს, საჭირო საერთაშორისო დონეზე თანამშრომლობა. 

"გამოძიების წარმატების საწინდარია იქ დაკავებული პიროვნების, მისი ადვოკატის, ოჯახის წევრების მიერ მიღებული ჩვენებები, რაც, რა თქმა უნდა, დროში შეიძლება იყოს გაწელილი ან შეიძლება იყოს მიუღწეველიც. ამიტომ პროკურატურას თავის ვერსიები ექნება თუ რატომ გაიწელა ეს დრო. დაკავებული რომ იჯდეს გლდანის ციხეში, მოგეხსენებათ, სიმცირე დროის, უფრო ეფექტური გამოძიება, უფრო მოქნილი საინფორმაციო ველი გვექნებოდა სახეზე"- თქვა ლილუაშვილმა. 

ლილუაშვილმა ასევე თქვა, რომ მსგავსი, "სამწუხარო" ფაქტები ბევრ განვითარებულ ქვეყანაშიც ხდება, "თუმცა ეს არ ამსუბუქებს დანაშაულის ჩადენის სიმძიმეს".

...............

აზერბაიჯანელი ჟურნალისტმა და აქტივისტმა, აფგან მუხთარლიმ, რომელსაც აზერბაიჯანის ხელისუფლებას აკრიტიკებდა და ამის გამო მას ქვეყანაში დევნიდნენ, ცოლთან ერთად საქართველოს 2015 წელს შეაფარა თავი. ის 2 წლის განმავლობაში საქართველოში ცხოვრობდა და მუშაობდა, 2017 წლის 29 მაისს თბილისიდან გაუჩინარდა. მეორე დღეს გაირკვა, რომ ის ბაქოში დაკავებული ჰყავდათ. თუმცა მისი პასპორტი თბილისში მის ცოლს ჰქონდა. მოგვიანებით ჟურნალისტმა განაცხადა, რომ ის თბილისიდან კრიმინალური პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა ადამიანებმა გაიტაცეს.

აფგან მუხთარლის ბრალად სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევა, საზღვრის უკანონო კვეთა და კონტრაბანდის გადატანა ედება. ჟურნალისტს აზერბაიჯანში 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

მანამდე კი, ზაქათალაში გარდაცვლილები იპოვეს მუხთარლის და, დისშვილი და ძმისშვილი. მათ ორმოცზე დასასწრებად ჟურნალისტი ორი დღით გაათავისუფლეს, რა დროსაც მან რუსთავი 2-ს მისცა ინტერვიუ და თქვა, რომ საქართველოდან ის კრიმინალურმა პოლიციამ გაიტაცა და მათ უფლება საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მისცა.

 

კომენტარები